ფსიქოლოგიური ტერორისტი


თვალის კუთხეში ფეთქავს სიზმარი,

ყოველ ნერვსა და უჯრედს ედება.

საწოლთან ,სკამზე, მოჩანს ვისრამი-

ანი და ღრუბლებს ვხედავ გედებად,

რომელთა ფრთებიც ცას შეგლესია,

გუშინაც ვიღაც ქალს ვიგონებდი...

მოდილიანის დაგრძელებული ნახატებივით 

წვიმის ტბორები

ჰგვანან სიჩუმის ოკეანეებს...

საათებს, როგორც საპალნე ვირებს,

მიაქვთ ეს ყოფა და აშფოთებენ

შიშის ტყეებით დაფარულ ტვინებს.

სამყაროს ვარქმევ ერთი ვაშლიდან 

ამოფეთქებულ ბოროტ მდინარეს,

მას რომ შეეძლოს ღმერთსაც წაშლიდა,

ის ერთხელ თავის თავსაც ინანებს...

..ის ქალი ჩემს ლექსს კითხულობს ხშირად,

ჟრუანტელი რომ დამუხტავს ბალანს,

ლექსი ნისლივით დაეფარება,

თავადაც ნისლი ლექსივით ფარავს,

მაგრამ მას ასდის წარსულის სუნი,

მე კი, დარდისგან ვერ ვირეცხები,

უცნობი ჩიტი შეფრინდა თვალში,

დადო უფერო ცრემლის კვერცხები,

რომლებიც გასკდნენ ხელის გულებზე

იქ სადაც გადის სიცოცხლის ხაზი,

ჩემს საფეთქლებში სისხლის ჯანყია,

მთვარით გაივსო  თვალების თასი.

გზაზე იმსხვრევა ავტომობილი,

წყდება ნაყოფი მკვდარი ქალიდან,

სისხლში არეულ რითმებს მაწვეთებს

დღეს ბაძაღუა ნატკენ კანიდან ...

დაინფიცირდა ტვინი ქაოსით,

ის არის განცდა ,

რაც მე მიმონებს,

მე მეზარება ღამის უდაბნო

მდარე ლექსივით აშა ლიმონის.

დავსუსტდი ისე წამწამსაც ვერ ვძრავ...

ვცოცხლობდი?

უფრო სხეულს ვათრევდი,

ნეტავ ,უფალო , არ არსებობდე

არარსებობით გაგამართლებდი.

მახსოვს, რომ მიყვარს წვიმა გულწრფელად ,

წვიმას არასდროს ვახვედრებ ქოლგას

მღვდელი ,რომელიც ჯოჯოხეთს მიქსევს 

ფსიქოლოგიურ ტერორისტს მოჰგავს.

არ ვიცი ,სად ვარ ტვინით და რას ვწერ,

თავგზა კი არა,

ფიქრ-გზა ამებნა, 

ძილის ხნულს ვგავარ, მას სადაც მთვარე

სიზმრის თესლს აგდებს ასაყვავებლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი