რაზე საუბრობენ მეტაფიზიკოსები?


რაზე საუბრობენ მეტაფიზიკოსები?
ნეტავ რა ცოდნა წამოიღო პითაგორამ ეგვიპტიდან,
ან რა უთხრა იმ დათვს, რომელიც სოფელს ესხმოდა თავს, ისეთი , 
რომ ეს უკანასკნელი წავიდა და უკან აღარასოდეს დაბრუნებულა?
მაგრამ მოეშვი ყველაფრის შემეცნებას. ცოდნის წყურვილიც სისულელეა.
შენი სული ჯოტოს ნახატებივით დასევდიანდა.
მოდუნდი და უბრალოდ ჩაიძირე სიმშვიდეში,
მიეცი სიმშვიდეს უფლება შენში აყვავდეს ეგზოტიკური ყვავილივით, 
აღიმართოს შენს სულში ბუდას ოქროს ძეგლივით.
ის იქნება:
გრილი, 
სასიამოვნო 
და სიწყნარით დანამული...
დაივიწყე ადამიანების ხასიათის ყველა საშიში არქეტიპი, რომელიც აღმოაჩინე.
წეღან მთვარე როცა გაქრა , 
ცა დაემსგავსა თვალგამოთხრილ ქრისტოფერ მარლოუს,
მკვდარსა და გაყინულს. 
მითხარი რატომ ვცდილობ ვიფარფატო ფოთოლივით ცხოვრების ქარში, 
თუკი ძველი ანტიკური ხანის ბერძნები მართლები იყვნენ და ბედისწერა განაგებს ყველაფერს?
წუხელ ძილის პირას ვიჯექი და სიზმრების მდინარემ ჩემი მკვდარი ორეული ჩამოატარა ჩემ წინ, 
რომელიც ძლიერ ჰგავდა ღმერთს. 
იქნებ, ღმერთიც არ არის ცალსახად კარგი, ან ცალსახად ცუდი , 
იქნებ, მასაც რთული ფსიქოლოგია აქვს, როგორც ყველაზე დიდი ინგლისელი დრამატურგის პერსონაჟებს...
შევჩერდეთ!
არ შემიცოდო, 
არ იფიქრო ჩემს ტკივილზე, 
არც თავის ქალის სარკმლიდან გადამხტარ თვითმკვლელ ფიქრებზე,
არც ეგზისტენციალურ კრიზისზე ჩემს ლექსებში..
მიმიფურთხებია ყველაფრისთვის! 
უბრალოდ თმებზე მომეფერე,
რომ არაფერზე ვიფიქრო და ასანთის ღერივით ანთებული საფეთქლებიც დამშვიდდნენ.
უბრალოდ ჩემს თმებში შეაცურე შენი ვარდისფერი თითები ,
რომ სიჩუმის ყვავილის ერთი ფოთოლი მაინც მერგოს აკანკალებულ სულზე მოსახვევად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი