***


წეღან, როდესაც სოციალური ქსელიდან გამოვდიოდი,
ანუ ვტოვებდი სისტემას, 
უცებ მომივიდა თავში:
რა კარგი იქნებოდა, 
რომ არსებობდეს პატარა ღილაკი ჩემს საფეთქელთან ახლოს,
რომლის მეშვეობითაც ჩემი ჰადესისფერი 
ფიქრებიდანაც უპრობლემოდ გამოვიდოდი.
სასაცილოდ პატარა ვარ და უმწეო, 
როგორც დინოზავრის ნაკვალევში ჩაფრენილი პეპელა...
ყოველთვის მეღიმება, როცა მავანთ არ მოსწონთ ჩემი ლექსები ,
ეს მაშინ ,როდესაც
ტილოზე დასმული ერთი თეთრი წერტილი ხელოვნებად ფასდება.
პატარაობისას ,როცა უცნობი ბავშვების საფლავების წინ
ვჩერდებოდი მოწყენილი, 
იმ ნაძვებმა, რომელთა თავზეც ცა მტრედისფერი იყო ,
შემატყეს ,
რომ პოეტი ვიქნებოდი, 
გინდაც ლექსების წერა არ დამეწყო.
თომას მორის ირონია მსურდა ჩემი ჯალათებისთვის...
კაცი კი არა,
მე ვარ საშინელი შეგრძნება წვიმის
და შიში, როგორც ღამურის ორი ფრთა, გამოფრინდება ჩემკენ ყელშავი.
როცა ,მთვარე -ჰამლეტის ეჭვივით მძიმე- მაწვება ხოლმე გულზე,
შენ ისევ ჩადიხარ ჩემი სულისქვეშეთში,
იქ, სადაც გრძნობები ფეხმოტეხილი გედებივით კოჭლობენ.
რენე მაგრიტი ვარ, 
ჩემში : 
სიზმრები, ოცნებები და რეალობა ერთად ცხოვრობენ და
გვანან ტყუპებს, დედაც რომ ვერ არჩევს ერთმანეთისგან.
მე -კონფესიონალური,
ვწერ და ზუსტად ვიცი, საკუთარი სხეული და ტვინი ლაბორატორიად ვაქციე.
ჩემს გატეხილ ძვალში არის კრაზანის ბუდე, სიმწარეს პირდაპირ ვენაში მაწვეთებს...
ღამდება და მარტო ვარ , 
დივანზე ვზივარ უძრავად ,სიჩუმის ანაკონდა მბოჭავს,
ხან იატაკზე გუბდება მზერა,
ხან კი, ჩემს თვალებში ,როგორც წვიმის ტბორებში ,
ირეკლებიან ფანჯრის რაფაზე მდგარი ორქიდეები, 
რომელთაც ყოველ დღე დედა უვლის გულმოდგინედ და იღიმება.
წარმოდგენაც არ გაქვს ახლა როგორ მინდა აქ იყო და ერთად ვუყურებდეთ 
თუნდაც ...
ჩაპლინის ,,ოქროს ციებ-ცხელებაში,, ფუნთუშების ცეკვას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი