იწვა შემოდგომა


სარკე ანგელოზთა სუნთქვით დაიორთქლა,
ქარის ბაგეებიც მწარე გემოსია.
წვიმამ ფანჯარაზე ცრემლი შეატოვა,
ასე გამოხატა თავის ემოცია.
ბნელმა შეისრუტა მთელი დედამიწა,
ნათელს გარინდების მოხსნეს თაბაშირი.
ღამემ ცის თონეში მთვარე გამოაცხო,
მერე ჩაიტეხა ხელში ლავაშივით.
იწვა შემოდგომა, გველის ტყავიანი,
წინ კი იანვრების ჩანდა ყინულეთი...
სადღაც, პარალელურ ცისფერ სამყაროში,
ქარმა შეარხია ღმერთის სილუეტი.
იწვა შემოდგომა, გველის ტყავიანი,
ჭრელი თვალები კი - სევდით სავსეები...
ფოთლის ფირფიტები მიწას მიაყარა,
როგორც ანგელოზთა ფრთების ნამსხვრევები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი