დამაგვიანდა


წავყვები უხმოდ ოცნების ქუჩებს
და როგორც ლადოს, ლექსი მომშივა.
ზაფხული ვარდებს უფურჩქნის ტუჩებს
და ბაღებს ადენს ვნების ოხშივარს.
მეწვევა შენი ცოდვილი სახე
და ჩამკვდარ ფიქრებს ამიკელაპტრებს,
სიცოცხლის ფურცლებს კალენდარს ვახევ -
სევდით გაბერილ თითქმის ყველა დღეს.
ჩამოიბურა ბინდი ჩვეულად,
ზეცამ თვალები ჩუმად მილულა,
რაც კი სითბო გაქვს მაგ მთელ სხეულში,
ეგ სისასტიკე აქცევს ყინულად.
მეც დაბრუნება დამიგვიანდა...
ვამბობ, მიყვარხარ და ამით ვთბები,
ზამთრის ქარები ქუჩებს ჰგვიან და
შენ გეთოვლება სიჩუმით თმები.
ეს როიალიც მოჰგავს პეპელას,
რომლის მახლობლად უჩუმრად გლანდავ.
ჩუმად მივყვები ფიქრის ხვეულებს
და სიტყვის ძაფებს ვაბამ და ვბლანდავ.
გულის ბუხარში ფიქრებს ვუკეთებ,
ვამბობ, შემთხვევით ავრიე კარტი
და ინვალიდის ეტლში ჩამჯდარი
ცის ხეივანში მიგორავს მარტი.
მეც მივდევ უხმოდ ოცნების ქუჩებს
და როგორც ლადოს, ლექსი მომშივა.
ზაფხული ვარდებს უფურჩქნის ტუჩებს
და ბაღებს ადენს ვნების ოხშივარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი