დრო ლურჯ პირამიდაზე


პირამიდებს კი არა, პლანეტებსაც დალეწავს
დრო და უცებ გაფანტავს დავიწყების სიოდან...
საფიქრეთიც გაქრება _ მეგობარი ცრემლებიც
და შენ დაგავიწყდება გული როგორ გტკიოდა.
დრო, მერწმუნე, ერთხელაც ყოველივეს წაგრაგნის,
(ჩემი სულის საფლავზე ნისლის სქელი თალხია.)
დედამიწა, ეს ალბათ, ლურჯი პირამიდაა
და შიგ ფარაონივით, მაცხოვარი მარხია.
მივდივარ და განცდა მაქვს, თითქოს, მკვდარი მიმქონდეს,
ქუჩას ასე მივყვები, დილის ქართან ხელკავით.
მე ხე ვარ და ზედ ფიქრის ბეღურები დამასხდნენ,
თანაც დარდის ლანგრიდან ხორბალივით მკენკავენ.
სიმარტოვის ენძელა და მოწყენის ტიტა ვარ,
თვალში ისე დაბნელდა, მივდევ ხელის ცეცებით...
როგორც სამადაშვილი, ცივ ქუჩაში მოვკვდები,
როგორც სამადაშვილი, გზაზე ჩავიკეცები.
ან ტკივილის საწერად რა მელანი მეყოფა,
ღმერთმა ცაზე დაკიდა ღრუბლის შავი ფარდები.
რა მინდოდა, მიწაზე რისთვის შემოვეხეტე,
ან სიკვდილი ხელს რომ მკრავს საით გადავვარდები.
ჩემი ცრემლის ალმასი დაიმტვრევა ბალიშზე
ეკლესიის ეზოში მოფრინდება კვირა დღე.
მოვკვდები და შენთვის კვლავ მისტიური დავრჩები,
როგორც ალიანდრებზე მთვარის სველი სინათლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი