სულის ბინადარი


ხილვის სიხარული და თქმის შეუძლებლობა ზოგჯერ გაჩუმებამდე მიდის და როდესაც გაჩუმებამდე მიდის, მე სწორედ მაშინ ვიწყები.
      ჩემი მისტიკური ხილვებიდან გადმომყავს სატრფო, ის ჩემს ოთახში დადის და მეხვეწება, რომ სამუდამოდ ჩემთან დავტოვო. 
_არა,ვპასუხობ მე, შენ ისედაც მუდამ ჩემში ხარ. ადამიანთა სამყარო კი, მეტისმეტად ჭუჭყიანია იმისთვის, რომ აქ საცხოვრებლად გაგიმეტო. შენ წვიმასავით ჟრუანტელისფერი ხარ, ფიფქივით თეთრი და უმანკო. 
_რა არის ღამე?- მეკითხება ის.
 _სიმარტოვეა!_ ვპასუხობ მე. 
_ქარი რა არის? 
-ქარი სასოწარკვეთაა სიმარტოვეში.
_ამაღამ ჩემთან იყავი. -ვეუბნები მე, დილით კი ჩემი თვალები გათხარე ჭასავით და ჩემი სულის ცისფერ წყლებზე დაწექი, რომ დღის სინათლეზე არავინ შეგამჩნიოს. 
     ის დადის ჩუმად სახლში, ოთახიდან ოთახში ნელი და ჩუმი ნაბიჯით, იატაკზე ენძელებივით ტოვებს ნაფეხურებს, მერე ჩერდება,ჩემი ბავშვობის ფოტოს ამჩნევს. 
_ამ ფოტოზე ბავშვი ვარ.-ვამბობ მე.
_რა არის ბავშვობა ?-მეკითხება ის.
_ბავშვობა გულუბრყვილობაა.-ისევ ვპასუხობ მე,_ ასაკი, სანამ გაიზრდები და ცხოვრების მახინჯ სახეს იგრძნობ საკუთარ სახესთან, სანამ მისი ცეცხლისფერი ნესტოების სუნთქვით ხორბლისფერი კანი დაგეთუთქება. 
      ის მიყურებს შეშინებული სახით და მეკითხება:
_დიდობა რაღაა?
_ იმედგაცრუება, _ისევ ვპასუხობ მე.
      ის ისევ აგრძელებს სიარულს. უეცრად წიგნების თაროსთან ჩერდება და თეთრი ტოსკანის მარმარილოსგან გამოთლილი თითებით ჯონ აპდაიკის ,,ისთვიქელ ალქაჯებს" ფურცლავს, შემდეგ სალმან რუშდის ,,შუაღამის შვილებს"იკავებს ხელში და ფურცვლას აგრძელებს. 
_ეს წიგნებია ,-ღიმილით ვეუბნები მე.
_  წიგნები რა არის? - მეკითხება ის და  ლურჯ თვალებს მიშტერებს.
_ ადამიანთა სამყარო,-მშვიდად ვპასუხობ მე. 
_როგორები არიან ადამიანები,-მეკითხება მოულოდნელად. 
_სასტიკები,-დანანებით ვპასუხობ, მათი საყვარელი საქმიანობაა ერთმანეთის სხეულების ჭამა და სისხლის ღვრა. მათ ვერასოდეს ვერანაირი ფილოსოფიური მოძღვრება და რელიგია ვერ გამოასწორებს,მაგრამ შენ ამაზე არ ინერვიულო.
 -რისთვის იბადებიან  ადამიანები? - ისევ მეკითხება ჩემი ცნობისმოყვარე სტუმარი.
_ მელნისფერი ტკივილისთვის, -ვპასუხობ მე. შენ არასოდეს დაიბადები ამ სასტიკ ქვეყანაზე,- ვეუბნები და ვუახლოვდები. შენ მუდამ და მარტო ჩემს ტვინსა და გულში ცხოვრობ, მუდამ ჩემი სულის ცისფერ წყლებზე დაცურავ დუმფარებით გარემოცული, შენ ერთადერთი ხარ, ვინც გადალახა ჩემი სულის მოჩვენებითი ბუნდოვანება, აბსტრაქტულობა და სიცივე, მის აცახცახებულ სხეულს ვიხუტებ და ვეუბნები:
 -ამაღამ ჩემთან იყავი, დილით კი, ჩემი თვალები გათხარე ჭასავით და ჩემი სულის ცისფერ წყლებზე დაწექი, რომ დღის სინათლეზე ვერავინ შეგამჩნიოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი