ქუჩის პოეტებს


მე მალე მივესვენები სიკვდილით გაბერილ სასთუმალზე.
მე ყველა იმედსა თუ ოცნებას გადავუხადე პანაშვიდი...
პოეზიის ჯალათებისგან დაწუნებული პოეტი, ისევ მელნისფერ მელანქოლიას თავს შევაფარებ და ბევრი ღამე დამათენდება თეთრად...
თუ კაცს ტკივილი აწერინებს ლექსებს, მაშინ დაწუნებული პოეტები უნდა ღმერთს მადლობას ვუხდიდეთ, რომ გოლგოთას გზას ვადგავართ, მძიმეს და ეკლიანს.
თითქოს მიხარია, რომ ჩვენს ფიქრით მოქანცულ სხეულებს ჰადესის ლანდი დაჰყვებოდა ყველგან.
ჩვენ ყოველთვის წითელი თვალებით მოგვშტერებოდა საშინელება.
როგორ გვაღიზიანებდა ნაძალადევი სიგიჟე და არისტოკრატია...
ვწუხვარ, რომ მე უკვე ყველა იმედსა თუ ოცნებას გადავუხადე პანაშვიდი...
 ქუჩის პოეტებო, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გადავრჩებით, რადგან ფილოსოფიის მალამოს ვეღარ წავისვამთ პოეზიის ჭრილობებზე.
მე, რატომღაც, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ორფეოსივით გადავიქცეოდი ტირიფად, ჩემი მელანქოლია რომ უფრო მძაფრად შემეხსენებინა ყველასათვის.
ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით გვახარებდა ბოჰემის მონოლოგი, როდესაც ვკითხულობდით:
„მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა. მისთვის ვიწამე სამუდამოდ ეს კარიერა: სიგიჟე, ჭლექი, ალკოჰოლი და თვითმკვლელობა! სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!“ _ ჩვენ ღრმად განვიცდიდით ამ სტრიქონებს და ჩვენი გლოვა არ იყო ფასადური.
მე მინდა ბოდიში მოვუხადო პოეტს, რომელიც მაფრთხილებდა: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“ _ და მე მაინც ცხედარს დამამსგავსა ცხოვრებამ...
შენ, ღმერთო, არ გეგონოს, რომ უშეცდომო ხარ და ჩემს წამებაში არ გიდევს ბრალი. 
მე დიდი ხანია მივხვდი, რომ მხოლოდ ადამიანი არ არის შეცდომის სინონიმი. 
ვიცი, მალე მივესვენები სიკვდილით გაბერილ სასთუმალზე და მაინც იცოცხლებს ჩემს გულში შენზე წყენა.
მე მივესალმები ყველა სკეპტიკოს ფილოსოფოსსა და ირონიულ პოეტს.
მე ვიცი, რომ ჩემი მელანქოლიის საუნჯეს მხოლოდ პოეზიას თუ დავახარჯავდი.
მე მინდა ჩემს მეგობარ პოეტებს ვუთხრა: - გული ნუ დაგწყდებათ, თუ ჩვენ კომეტასავით ჩავიქროლებთ ქართული პოეზიის ცაზე.
მე მხოლოდ ის მწყინს, რომ ჩემი სათქმელი არ ჯდება სიტყვიერ ლოგიკაში;
მაპატიეთ, თუ ყველა იმედსა და ოცნებას გადავუხადე პანაშვიდი...
რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ მთვარე ჩემი სული იყო, ახლა კვლავაც ღამეა და ჩემი ოთახის კედლები სიჩუმეს იშრობენ... მე კი  ფიქრის თავიც აღარ მაქვს უკვე. 
ყველა სათქმელი დავიწყების მელნისფერ ტბაში ჩაიძირა.
ვაი იმ პოეტს, ვისი ლექსებიც მას არ ჰგავდნენ.  მე მგვანან ჩემი ლექსები.
მე მალე მივესვენები სიკვდილით გაბერილ სასთუმალზე.
შენ, ღმერთო, არ გეგონოს, რომ უშეცდომო იყავი და ჩემს წამებაში არ გედო ბრალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი