წვიმის ასული
ჩვენი სიყვარული საჰაერო ბუშტივით დაფრინავს ზეცაში. შენ გიყვარს წვიმა, ამიტომ მე შენ წვიმის ასული დაგარქვი. შორს ვარსკვლავები იფშვნეტენ თვალებს. მე ასე მგონია, შენ კვლავაც მარტო ხარ და მონატრებით შეღებილი კურცხალი ზურმუხტივით დაეკიდება წამწამებს. შენ იცი, რომ მთვარის ნამსხვრევები ილექებიან ჩემს ცნობიერებაში. შენ გესმის, რომ ჩემი დაქანცული ნერვები დამსხვრეული ჩონჩხის ქნარია. შენ ყოველთვის ჩემთან ხარ, რადგან ჩემი ნაწილი ხარ. როდის იყო სიშორე ან სიახლოვე მანძილით იზომებოდა. შენ ხარ პერსონაჟი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობიდან, ჩემს გადასარჩენად მოსული და მუდამ მიმზერი გერდას თვალებით. ალკოჰოლივით მათრობელა, კაპუჩინოსავით მაშრები ტუჩებზე. როცა მიქელანჯელო ვარსკვლავებით ზეცას ხატავს, შენ ჯოკონდასავით იღიმი და ჩვენი სიყვარული საჰაერო ბუშტივით დაფრინავს ზეცაში. როგორ მაშინებს ჩემი ფიქრისგან გამოქანდაკებული სიმარტოვე. თითქოს არტურ რემბოს მთვრალი ხომალდივით მამსხვრევენ მლაშე ტალღები და ჩემი ეფემერული სიცოცხლე ისევ ქვიშის საათია. ყოველ ეოსზე, როცა თავს იკლავს ღამე, შენ ჩემი ფანტაზიის საწყისი ხდები და სიმარტოვის ილუზია, როგორც მოჯადოებული სარკე, იმსხვრევა ჩემს წინ. ვგრძნობ, შხამიანი ფიქრები როგორ მეხვევიან გველებივით... ალბათ ძალიან შორს ქარი აწვალებს ტირიფებს, თითქოს მეფისტოფელი დაჟინებით ცდილობს ჩემს დაღუპვას და ჩემი ფიქრებით აშენებული პირამიდები სიჩუმის სამარეში მმარხავენ. მე ყოველ ღამით ვხედავ ჩემი პატარა ოთახის სარკმლიდან, როგორ დადიან ადამიანებით გაძარცვულ ქუჩებში ჩემი გზააბნეული ლექსები, მკვდარი სულებივით. მე ვიცი, ჩემი ეფემერული სიცოცხლე ქვიშის საათია... ვიცი, მე შევძლებ, რომ ჩამოგახიო სულის ჩადრები. შენ გიყვარს წვიმა, ამიტომ მე შენ წვიმის ასული დაგარქვი… ყოველთვის, როცა მიქელანჯელო ვარსკვლავებით ზეცას ხატავს, შენ ჯოკონდასავით იღიმი და ჩვენი სიყვარული საჰაერო ბუშტივით დაფრინავს ზეცაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი