*** (თვალებში ისევ)


თვალებში ისევ გაცვეთილი დარდია მიგდებული.მე კვლავაც ვდგავარ და... ფანჯრიდან გავყურებ მონოტონურ სივრცეს...
დღეს, როგორც არასდროს, ისე ამეკვიატა სუიციდზე ფიქრი...
დღეს ვგრძნობდი, ციოდათ ტირიფებს და მე გაღიმებული ნიღბის ქვეშ დამალულ სიმარტოვეს ვერაფერს ვუხერხებდი.
მონუმენტებთან ჭადრის ტოტებზე დაკიდებული მთვარე ტიროდა და ყოველი ფოთლის ჩამოვარდნაზე კრთებოდა ღამე.
ალბათ ვერავინ მიხვდება, რომ ჩემს ეფემერულ და მელანქოლიით შეღებილ სიცოცხლეში პოეზია მხოლოდ საყვედურია და არაფერი სხვა მეტი.
კვლავაც ცას შიგადაშიგ ღრუბლები ფარავს და ალბათ თავად ცაც ხვდება, რომ მხოლოდ ვარსკვლავთა მორგია. ალბათ, დედამიწასაც რცხვენია ღმერთის, როდესაც ბავშვების ცხედრებს იხუტებს ღია ჭრილობებში.
მაგრამ ცას არასდროს ექნება ჩვენს კითხვებზე პასუხები_ ცა მუნჯია...
წვიმა თითქოს უკრავს ფოთლების კლავიშებზე და დედამიწა მოდის სიყალბით და მე მინდა, რომ ვიფიქრო არაფერზე, მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე.
ხელოვნება თუ ნარკოტიკია, ალბათ პოეზიის გადამეტებული დოზითაც შესაძლებელია სიკვდილი ანუ ის, რომ სურდოსავით გაგიაროს სიცოცხლემ.
შენ ალბათ ხვდები, რომ ორკესტრი მაშინ აირია, როდესაც ზეციდან გადმომდგარმა დირიჟორმა შეგვატოვა სიცოცხლე საკუთარი თავების ანაბარა.
ბანალურია, მაგრამ ასე მგონია, სულის იარებს მოვიშუშებდით, თუ დაუფიქრებლად გავცვლიდით მთელ დედამიწას ბუნებაში ჩამალულ ერთ პატარა ქოხში, სადმე ტროპიკულ ადგილას და საგზლად მხოლოდ ფურცლებსა და ერთ ფანქარს ვიმყოფინებდით. ყოველ დილით ნიკოტინის ნაცვლად სუფთა და ჯანმრთელი ჰაერით ავივსებდით ფილტვებს.
უაზრობაა, - ვაბობ და ვცდილობ ფიქრის ძაფი გავწყვიტო.
დღეს, როგორც არასდროს ისე ამეკვიატა სუიციდზე ფიქრი.
კიდევ ერთი უაზრო დღე თენდება. მოდის ეოსი და თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით ხატავს სარკმლის გადაღმა პეიზაჟებს...
ვფიქრობ... სიკვდილი ყოველთვის ულამაზესი ქალის სახით წარმომედგინა, რომელიც ყველგან და ყოველთვის მეალერსებოდა და მეც მკერდში ვგრძნობდი მის არსებობას.
მე ყოველთვის ყრუ ყურით ვისმენდი მის ბგერებს, ბუნდოვან თვალით ვხედავდი მის ანარეკლს და მეც მივისწრაფოდი მისკენ...
ის, როგორც კალიფსო, სიკვდილის ზღვაში დაჟინებით ცდილობდა ჩემს შეტყუებას სიცოცხლის ნაპირიდან.
თითქოს შორს ცისფერი ფრთებით მიტაცებდა შიშით შეღებილი სიხარული, როდესაც ის მედიდური ღიმილით ჩემ წინ დგებოდა. ყოველთვის, როდესაც მიმზერდა ლენორას იდუმალი თვალებით.
ასე მგონია, ჩემი გული მელნის ტბა იყო. 
მე ვიცი, რომ ჩემს მერე, ჩემგან განსხვავებით, ბევრი დაემსგავსება შუადღისით ანთებულ სანთელს, რომელსაც არასოდეს ექნება იმდენი ძალა, რომ ბნელეთი გაანათოს...
ვარსკვლავთა ქარავანი გაქრა და მთვარემ განთიადისას ჩამოახრჩო თავი ეშაფოტზე...
გაფრინდებიან ლაჟვარდებს მიღმა გაზაფხულები და ღმერთს კიდევ ბევრჯერ შერცხვება საკუთარი შექმნილი სამყაროსი...
ჩემში დაღლილი ფიქრები ირევა ერთმანეთში და ყველაფერს ვივიწყებ...
მხოლოდ მეალერსება სიკვდილი, რომელმაც ჩემს ზმანებაში მიიღო ქალის სახე.
თვალებში ისევ გაცვეთილი დარდია მიგდებული, მე ისევ ვდგავარ და... ფანჯრიდან გავყურებ ერთფეროვან სივრცეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი