*** (ცისარტყელამ ზეცის უჯრაში შეინახა ნისლი)
ცისარტყელამ ზეცის უჯრაში შეინახა ნისლი და წვიმა და შემდეგ ფარშევანგის კუდივით გაიშალა დედამიწაზე. მე ჩვეულებრივად, შენზე ფიქრს შევუხამე ფინჯანი ყავა და სანამ ქუჩაში გასვლამდე ღიმილის გაბზარულ ნიღაბს მოვირგებდე , კიდევ ერთხელ, სამდურავით აღსავსე თვალებით ვუმზერ კედელზე დაკიდებულ ღვთისმშობლის მტვრიან ხატს, რომელსაც როგორც წესი, არასდროს აქვს ჩემს კითხვებზე პასუხები. ქუჩაში გასვლისთანავე ვამჩნევ, რომ წინა ღამის წვიმისაგან დაცხრილული მიწა დაჭრილი მეომარივით წევს შემოდგომის ყვითელი საბნის ქვეშ და იარებს იშუშებს. დღესაც ნელი და არეული ნაბიჯებით მივყვები ქუჩას, შემდეგ რომელიღაც სახლის კედელზე ვკითხულობ აფიშას, რომელიც კვლავაც მამცნობს რომ ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილზე, გაიმართება პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ... კითხვას ვწყვეტ... ვინ არ იცის, რომ დღეს სცენა უნიჭო პოეტებს ეკუთვნით?!- ვიძახი ჩემთვის და ვწყვეტ ფიქრის ძაფს... ქუჩებში დავდივარ შებინდებამდე და შემდეგ ძალიან ნელა, იმავე გზით ვბრუნდები უკან, რომლითაც მოვედი. ჩემდაუნებურად მახსენდება სიტყვები: „უმიზნო ხეტილი“. მერე თითქოს ღამის ნიჟარაში ჩაიწრიტაო დღის სინათლე, ზეცა შეისწორებს მთვარის საყელოს და ვარსკვლავები ბანალურად ციმციმებენ ცაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი