ყვითელი ავტობუსი
ჩვენ ვზივართ შემოდგომის ყვითელ ავტობუსში და მისი ფანჯრებიდან ვაკვირდებით ქარის საქანელაზე ფოთლებს. ჩვენ ვზივართ შემოდგომის ყვითელ ავტობუსში და მივდივართ ზამთრისაკენ. სანამ ჩვენი ფიქრის ანტენები ჭეშმარიტებას დაიჭერენ, მკერდზე მომეკარი, რომ მარტო არ იგრძნო თავი და ნუ გგონია, რომ ცხოვრების გიგანტურ კროსვორდს ამოხსნი. შენი გამოუთქმელი გრძნობები ჩემს სულში მოცურავენ თევზებივით, რომლებიც ჩემთან უხილავი იმპულსებით ხვდებიან. ცხოვრების მეტაფორა ის არის, როცა ჩარლი ჩაპლინის ფილმებზეც კი გეტირება. მკერდზე მომეკარი სანამ შეგიძლია, სანამ სიკვდილის საბაჟოზე არ მომთხოვენ ცარიელი სხეულის დატოვებას. ვიცი, მოგწყინდა საპნის ოპერებივით ერთფეროვანი დღეები. შენი სუნამოს სუნით გაიჟღინთა ჩემი წილი ჰაერი. ღამე, მე და შენ ერთად ვუყურებთ, როგორ იშლებიან სახლის კონტურები. ვზივართ შემოდგომის ყვითელ ავტობუსში და უხმოდ ვაკვირდებით ქარს - ჭრელი ფოთლების ქორეოგრაფს. ჩვენ მივდივართ ჩვენივე გამოგონილ სამყაროში, სადაც არ არსებობენ არც ადამიანები და არც მათი კონცეფციები და ეს განშორება ისე გვეხალისება, როგორც პატარა ბიჭს თანაკლასელი გოგოების თმებში ქაღალდის ბურთულების სროლა. დახურე ფიქრის ალბომი და თავი დაანებე სევდის ცათამბრჯენიდან გულისგასახეთქ უფსკრულში ყურებას. ღმერთიც დაივიწყე, რომელიც ორი ათასი წლის წინ ჩამქრალ ნათურას უფრო ჰგავს, დახურე პანდაროსის ყუთი და გამომყევი. აღარასოდეს გაიხედო გვერდზე, რათა მე არ დამაკლდეს შენი ყურადღება. ისე მაგრად მომეკარი მკერდზე, რომ სიკვდილის მერეც ვერ აგვაგლიჯონ ერთმანეთს... არ იფიქრო, რომ ეგოისტი ვარ. შეხედე, როგორ წვიმს, ზეცამ გადმოსხა დედამიწაზე წვიმის დესანტი. ჩვენ კი ვზივართ შემოდგომის ყვითელ ავტობუსში და მისი ფანჯრებიდან ვაკვირდებით ქარის საქანელაზე ფოთლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი