*** (როგორც შარლ ბოდლერი იტყოდა)
როგორც შარლ ბოდლერი იტყოდა: „ილუზიები ზუსტად ისევე აურაცხელია, როგორც ადამიანური ურთიერთობანი, ან ადამიანთა მიმართებანი საგნებთან. როდესაც ადამიანს, ან ფაქტს ხედავ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია იგი, გული გწყდება გამქრალ აჩრდილზე.” მე ვიცი, ეს სიტყვები ტყუპისცალია ცხოვრების... მეც, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა, ჩემს თავში შევქმენი ილუზიები, სადაც ვცხოვრობ და თქვენ წარმოიდგინეთ, სადაც ხან ბედნიერადაც კი ვგრძნობ თავს, მაგრამ ისიც არაა დასამალი, რომ ზოგჯერ ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულების სისწორეში ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება ჩემს შეგრძნებებშიც და ვფიქრობ,იქნებ ისევ დავუბრუნდე რეალობას, მაგრამ შიში არ მიშვებს ილუზიებს მიღმა სამყაროში, სადაც აპათიაა გამეფებული უკუნითი უკუნისადმე და ისევ ვიხსენებ მისი უდიდებულესობა - გალაკტიონის სტრიქონებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებას რეფრენივით გასდევდა ყოველთვის „ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული“ ..და ვარ ასე ყოველ დღე, ყოველ ღამე... არის მომენტები წუთიერი გამონათებისა, როდესაც რაღაც ძალა ამიტაცებს და ისევ მიხარია თითქოს ცხოვრება, მაგრამ ეს გრძნობაც ისეთივე ეფემერულია, როგორც ყოველივე პოზიტიური მოვლენა ადამიანის სიცოცხლეში. მე არ ვიცი, რა არის პოზიტიური აზროვნება. რაც დავიბადე, მახსოვს , ცხოვრებას ისე ვუყურებ, როგორც მტერს, გაჭირვების დროს კი მხოლოდ ლექსია ჩემი თავშესაფარი, ის არასოდეს მიკრიტიკებს არაფერს, არც ზედმეტი ყურადღებით მაწუხებს, არც ზედმეტი კითხვებით მაბეზრებს... ის მოდის ჩემთან სანატრელი ქალივით, რომელზეც მას შემდეგ ვოცნებობ, რაც დავიბადე. მე მას ვუზიარებ ყველაფერს, ამ გზით ვნთავისუფლდები ნეგატიური ენერგიისგან და ყოველივე ამის შემდგომ, ის ისევ მიდის უხილავი ბილიკებით, რომლებითაც მოვიდა ჩემამდე. ამ აპათიით შეღებილ სამყაროში მხოლოდ პოეზიაა ჩემნაირების მეგობარი. ბოლო ხანია, რაც წყენებზე აღარ ვრეაგირებ დრამატულად. ზოგჯერ ადამიანები ვერც ხვდებიან, ისე მტკენენ გულს, მაგრამ თუ გამონაკლისი იქნება და ისინი გულის გულში მიხვდებიან თავიანთ შეცდომას, დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაშიც მათში რამის გამოსწორების მცდელობას თვითგამართლების სურვილი აჯობებს. მე ყველაფერს ამას ვგრძნობ, განვიცდი და ისევ პოეზიას ვაფარებ თავს, რომელმაც მიშვილა და დედური მზრუნველობითაც მივლის ხოლმე. რადგან ჩემში დღესაც ისეთივე ესთეტიკური მოთხოვნილებები და ღირებულებებია, როგორიც ადრე იყო. პოეზია ჩემთვის ისევ ლამაზი ქალია. მე ის არ მეყვარებოდა სხვანაირი, მე ის არ მინდა სხვანაირი! თუმცა ისიც მართალია, რომ სიმართლე მეტაფიზიკური სიტყვაა, რომელიც სხვადასხვა ფორმებში გვევლინება და როგორც ერთშია მართალი, ისე მეორეში. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოეზიას ყველა სხვადასხვანაირი სახით ხედავს. ამიტომ ყოველი მათგანი მართალია თავის შეხედულებებში. რაც დავიბადე, იმის მერე მე მიყვარს წვიმა. წვიმაც პოეზიის შვილობილია, ისევე როგორც ქარი, ისევე როგორც მე და ისევე როგორც მილიონობით ადამიანი, რომლებსაც სტკივათ... ისევე როგორც მთელი სამყარო. პარადოქსია, მაგრამ მე ზოგჯერ მიხარია კიდეც, რომ ძალიან უბედურად ვგრძნობ თავს, რადგან მოგეხსენებათ, კაცს ტკივილი აწერინებს ლექსებს. მე მიხარია, რომ პოეზია შემოვიდა ჩემში. მერე რა, რომ გოლგოთის გზებით იარა ჩემამდე და მეც ამ გზით მატარებს. ბედნიერია ის პოეტი, რომლის ლექსებსაც სუნთქვითი ვარჯიშები არ სჭირდება გამოსაცოცხლებლად, რადგან მას შეიყვარებს ხალხი და ის იქნება რჩეული, ის იშვიათი იქნება, რომელსაც გაუმართლებს... ეს ნაწერი ისევე არეულია, როგორც მე ახლა...ჯამში კი... მე ამ ყველაფრით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მებედნიერება პოეზია ყველა ტკივილების მიუხედავად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი