მე პოეტი ვარ შავი ფერების
მე პოეტი ვარ, შავი ფერების. შენ - მხატვარი. შენ ყოველდღე დადიხარ გომბორის მთაზე, ხან ნადიკვარზე და ელენე ახვლედიანივით, ზამთრის პეიზაჟებს ხატავ... მე შენ მიყვარხარ, ბანალურად რომ ვთქვა, სიცოცხლეზე მეტად. თუმცა ეს შედარებაც არასწორია, რადგან სიცოცხლე მეტისმეტად მეჯავრება ამისთვის და შენ მეტისმეტად მიყვარხარ, რომ მას შეგადარო. ერთხელ გითხარი, შემოგტირე, რომ მომწყინდა ამ სამყაროში ჩემი თავი - ცხოვრება, ყოველდღიური წვრილმანებითა და ტრივიალური ფიქრებით. შენ მაშინ სულ პატარა ფურცელზე დახატე სახლი პატარა ეზოთი და მზის სხივების არშიით, სადაც უამრავი პეპლები აცოცხლებდნენ სივრცეს და ეზოში პატარა ბავშვები თამაშობდნენ. ის ქალი და კაცი მე და შენ ვიყავით - კიბის საფეხურზე ჩამომსხდრები, თვალებში მოქცეული მზეებით. შენ დახატე ყოველივე ეს და მერე წახვედი. მეც არ ვიცი, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ ეს ყველა ადამიანის ცხოვრების პატარა სამყაროა - დაახლოვება და განშორება. წახვედი, მაგრამ იმ დღიდან მე იმ სულ პაწაწინა ფურცელზე დახატულ სახლში ვცხოვრობ, დროსა და სივრცეს მოწყვეტილი, რადგან შენ ჩემი ოცნება დახატე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი