*** (შეხედე ჩემს გულს)


შეხედე ჩემს გულს, როგორც სისხლის პატარა აკვარიუმს, რომელშიც რითმებზე ვთევზაობ ყოველ ღამ და მერე... თავის ქალაში, როგორც აკვანში, ფიქრებს ვარწევ საძილედ.
მე შენ მიყვარხარ, ვამბობ ასე ბანალურად და ვთბები.
მივდივარ უშენოდ ცხოვრების გზაზე და უკან მომყვებიან დემონები.
ნეტავი შემეძლოს, როგორც ზღაპარში, უკან გადავაგდო სავარცხელი,
რომ აღიმართნონ კლდეები გაუვალი, რომ ჩამოიღვარონ ზღვები...
შეხედე ჩემს თვალებს, როგორც ორ უძირო ნაპრალს, რომლის ფსკერზეც შემოდგომაა და ყრია მიმოფანტული ფოთლები ...
...და მივდივარ სულ მარტო. კაცი, რომელსაც არაფერი აქვს გარდა ლექსების...
მე ყოველ ღამე ჩემს სხეულს ვიხდი და საძილედ ვკიდევ სკამზე, ხოლო ყოველ დილით ახლიდან ვიცვამ და გავდივარ ბაღში სასეირნოდ, სადაც რა ხანია, დაჭკნენ ყვავილები. დავდივარ ასე და ამ დამჭკნარ ყვავილებში ვხედავ ჩემი ცხოვრების სიმარტოვეს.
ახლაც მარტო ვარ და ვიხედები ჩემს გულში, როგორც სისხლის პატარა აკვარიუმში, რომელშიც რითმებზე ვთევზაობ ყოველ ღამე და მერე თავის ქალაში, როგორც აკვანში, კვლავაც ფიქრებს ვარწევ საძილედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი