წერილი ჩამალულისგან მანდატურთა და ხელმწიფისათვის


მანდატურნო, რა შემიპყროთ,
გეაჯებით, მაზვარაკეთ,
მზის ნათელი ჩამირაზეთ,
ტყვეებთან მაამხანაგეთ,
თავად დარჩეთ უმეცარნი,
ბოროტებით მე რა მარგეთ,
მახე ჩემი შესაპყრობი,
სათავისოდ რომ დააგეთ.  

მო, მანდატურნო, ისმინეთ, 
ესე სწავლება გაკადროთ,
ფლიდი კაცის სამსახურში ,
ორგულობა არ იკადროთ,
რა გიბრძანოთ, ერთმანეთის
მჯობინობაში ივარგოთ,
რა დამთავრდეს სამსახური,
არ საპოვნი, დაიკარგოთ.

ხელმწიფეო, ნუ შეცდები,
წესი არვინ დაგიწესა,
სპამან შენმან სასტიკისთვის
საქმისათვის ხმალი ლესა,
რა მოგწადდეს, დაიპყარი,
არ ისმინო ხალხის კვნესა,
გყავდეს ყურის საამებლად,
ტკბილის ენით, მავნე ქლესა.

თუ რა ერმა გიორგულოს,
სამსჯავროდ ჯარი დარაზმდეს,
გული, მუგუზლად ქცეული,
აგიზგიზდეს, გაუალდეს,
ნუ შიშობ საქმე სამსჯავრო,
არ საშენოდ რომ გადაწყდეს,
სახლი შენგან შენებული,
არ ინანო განაცარდეს. 

ქვეყნის წესი ასე არის,
დღეს მზეა, ხვალე ავდარი, 
ამპარტავანის ქცევითა,
ბიჯი გადაგიდგამს მცდარი,
შენამდეც ბევრი წამხდარა,
არ არის საქმე საზარი,
ქვეყნისთვის შენი წახდენა, 
წამალია უებარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი