ლიტერატურის თავგადასავალი


დაღლილ -დაუძლურებულ ადამიანს  დასვენება და მკურნალობა სჭირდება. გამოძინება კი დასვენების საუკეთესო საშუალებაა...
  თუმცა  სანამ კაცი დაღლა–დასვენებამდე მივა, ლოგიკური და ვფიქრობ, აუცილებელიც კია, რომ დაიბადოს...
      ჩემი დაბადების ეტაპი ძველ საბერძნეთს უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე...  დაბადება ოდნავადაც კი არ მახსოვს, აღწერა–გადმოცემას  რომ თავი დავანებოთ, რასაც ვერ ვიტყვი აღზრდაზე. 
 დავიბადე ჩვეულებრივად, როგორც ადამიანები იბადებიან ხოლმე. ბავშვობა ანტიკურ საბერძნეთში გავატარე, აღმზრდელად და მასწავლებლად  კი პლატონი და არისტოტელე მომევლინნენ.
     პლატონი ხშირად მატარებდა საბერძნეთის კუთხე-კუნჭულებში ხელიხელჩაკიდებული და მაინც მინდა ვთქვა, რომ გარდა იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც ის ჩემდამი იჩენდა,  არც კრიტიკის გამომჟღავნებას თაკილობდა. ხშირად მიჩნდებოდა სურვილი, რომ რაიმესთვის მიმებაძა, მეცელქა და მეთამაშა. მიბაძვა ზოგჯერ იყო გონიერი, ზოგჯერ კი უგუნური და ზედაპირულიც, რის გამოც პლატონი კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდა და საყვედურებით დახუნძლული ვბრუნდებოდი სახლში. მაგრამ ვიცოდი და მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს სასიკეთოდ კეთდებოდა და მეც ბავშური მორჩილებით ვეთაყვანებოდი მას. 
   პლატონის გარდაცვალების შემდეგ  ჩემი მეურვეობა არისტოტელემ თავის თავზე აიღო. ის საკმაოდ ლოიალური ადამიანი გახლდათ. ჩემს ყოველგვარ ახირებას, ყველა ქმედებას, რომელსაც კი ჩავდიოდი, გასაოცარი სერიოზულობითა და ინტერესით უდგებოდა. როცა კი მეგონა, რომ ვიცელქე ან რაიმე დავაშავე და ამის გამო დამტუქსავს-მეთქი,  ის სიყვარულით მეპყრობოდა, მხარსაც კი უჭერდა  ჩემს სიანცეს. უფრო მეტიც,  ხელსაც კი მიწყობდა და ერთად ვთამაშობდით. 
    როცა კი საბაღე ასაკის გავხდი, ისე, რომ არაფერი მკითხეს, თავი მიკრეს  თანატოლებთან სათამაშოდ ბაღში, სადაც გაუთავებლად მაზეპირებინებდნენ ლექსებსა და სიმღერებს როლანდზე და ვარდის რომანზე, იზოლდასა და მატყუარა რენა მელაზე... თავდაპირველად ეს ფაქტი არც თუ ძალიან მხიბლავდა,  გახარებაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა შემდგომში, როგორც  აღმოჩნდა, ამ პერიოდმა სასიკეთო კვალიც კი დამიტოვა ცხოვრებაში. მაშინ გავიცანი ფრანჩესკო პეტრარკა. იგი აღფრთოვანებით მიყვებოდა თავის სიყვარულზე – რაულაზე. ამ ამბების  მოსმენის შემდეგ გული ტკივილითა და ნაღველით მევსებოდა. მეც მინდოდა ასეთ მიჯნურად ყოფნა, მინდოდა გამეგო და გამომეცადა, თუ რა იყო სიყვარული. კიდევ მახსენდება ერთი ჩემი ჯგუფელი, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს,  ჯოვანი ბოკაჩო ერქვა, თუმცა შეიძლება ვცდებოდე კიდეც. მართალია,  ისიც მიყვებოდა ხოლმე საინტერესო ამბებს სიყვარულზე და რეალურ ცხოვრებაზე, მაგრამ მე ჯერ პატარა ვიყავი ამისთვის და საკმაოდ მიჭირდა მისი გაგება. ერთხელ რაღაც „დეკამერონზე“ მესაუბრა, მაგრამ ამან მხოლოდ შიშისა და პროტესტის გრძნობა გამიჩინა, მე ხომ შუშანიკისა და აბოს ცხოვრებაზე ვიზდებოდი, ქრისტიანად დაბადებული  ადამიანი კი, ძნელად თუ შევეგუებოდი ასეთ ისტორიებს.
       “სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“, ნათქვამია, და ჩემა ბედმა, მართალია,  დააგვიანა,  მაგრამ მაინც მოვიდა. ბაღის პერიოდში ჩვენს ჯგუფს დაუნიშნეს შესანიშნავი ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივად განათლებული და საოცარი პიროვნება.... ეს გახლდათ დანტე ალიგიერი, მან თავი  მასწავლებლობის გარდა იმით დამამახსოვრა, რომ შემზარავი ისტორია მოგვიყვა ჯოჯოხეთზე და გვითხრა, რომ თუ კარგად არ მოვიქცეოდით, იქ მოხვედრა არ აგვცდებოდა. აი,  ამან კი მართლა შემაშინა და ორკვირიან უძილო ღამეებს დაუდო საფუძველი... მისი მასწავლებლად დანიშვნა, ალბათ,  ჩემთვის სულერთი იქნებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა... რომ არა მისი ქალიშვილი ბეატრიჩე, ის ვერასდროს მოინადირებდა ჩემს გულს „ღვთაებრივი კომედიით“ დაშინების შემდეგ. 
   იმას ვერ ვიტყვი, რომ დავინახე და მაშინვე შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ არც ბევრჯერ ნახვა დამჭირვებია  გრძნობის ასაღორძინებლად და გასაღვივებლად. ეს იყო ის ბავშვური სიყვარული, რომელიც პლატონური უფრო იყო, ვიდრე მიწიერი.  ერთმანეთს ვუყურებდით, ვიცინოდით და თავი უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ მხოლოდ მიმაჩნდა...
    ადამიანის ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება მის გარემოცვას. მაშინ, როდესაც სიყვარულისგან გულგატეხილი ინგლისში გავემგზავრე, ეს იყო სასკოლო პერიოდი, იქ მომიწია ერთ უცნაურ მეზობელთან შეხვედრა და ცხოვრება, თუმცა ცოტა ხანს. მიუხედავად იმისა, რომ ის  კარჩაკეტილი და  იდუმალებით მოცული ადამიანი იყო,  მაინც მოვახერხე და მივიპყარი მისი ყურადღება. ეს კი კინაღამ სანანებელი გამიხდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.  თუმცა საბოლოოდ  უდიდესი მადლობელი დავრჩი მისი. ეს  ადამიანი კი  გახლდათ სერ უილიამ შექსპირი. საკმაო ხანი დამჭირდა მასთან  საერთო ენის გამონახვისთვის და ურთიერთობისთვის საფუძველი რომ ჩამეყარა. ეს იმიტომ, რომ ასაკით პატარა ვიყავი და ხელს უფრო ვუშლიდი,  ვიდრე ვეხმარებოდი. ის კი ჩემს ასაკშიც, ალბათ, უკვე დიდი იყო. მისი დამსახურებაა, რომ ცხოვრებაში პირველად შევისუნთქე სცენის მაცოცხლებელი მტვერი. ალბათ,  მიხვდით ხომ?.. მან პირველმა და პირველად თეატრში წამიყვანა. თავიდან არ მომწონდა, ისეთ სპექტაკლებს მაჩვენებდა,  რომ გული ამოვარდნილი მქონდა. მართალია,  ამ სპექტაკლებს შემეცნებამდე და ინტელქტის განვითარებამდე უნდა მივეყვანე, მაგრამ მხოლოდ გულგახეტილი  და გაოგნებული ვტიროდი. ჯერ იყო და „რომეო და ჯულიეტა“ მაჩვენა,  თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მექვითინა, შემდეგ იყო „ჰამლეტი“, „მეფე ლირზე“ რომ არაფერი ვთქვა... ის-ის იყო ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას ვაპირებდი და ქვეყნად ბედნიერი ადამიანი თუ არსებობდა, უკვე აღარც კი მჯეროდა.
   რომ არა ჯორჯ ბერნარდ შოუ, ალბათ,  ჩემი ეს ნაწერი ცრემლებით იქნებოდა დასველებული და შეუძლებელი იქნებოდა მისი წაკითხვა. შოუმ მასწავლა სიცილი და სიცილითვე სიმართლის თქმა, მაშინ,  როდესაც სიმართლე მწარე იყო და თქმა  კი მიჭირდა, მის ნასწავლ იუმორის  ხერხს მივმართავდი  სიტუაციიდან თავის დასაძვრენად და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა...
       ამის შემდეგ მოდის ჩემი ცხოვრებისეული აღორძინების ხანა. ეს იყო სკოლის  დამამთავრებელი პერიოდი. სირცხვილია, რომ ვთქვა: უსწავლელი კაცი ვარ-მეთქი.  მე ხომ თვით ნიკოლა ბუალო მასწავლიდა თავის ასისტენტ ჟან ბატისტ მოლიერთან და სულხან-საბა ორბელიანთან ერთად. ეს იყო საოცრება; შევისწავლე ანტიკურობიდან მოყოლებული ყველაფერი აწმყომდე.  ვისწავლე მართვა გონებისა, როგორც რაციოსი, მაგრამ  სენტიმენტალიზმს ვერაფერი მოვუხერხე. სწორედ აქ იყო  კიდევ ერთი სასიყვარულო კრახი, რომელმაც კინაღამ ცხოვრება დამინგრია. ეს იყო ქალი, რომელსაც საუნივერსიტეტო გამოცდებამდე ვხვდებოდი. იმის მაგივრად რომ მესწავლა და სკოლის მერე სახლში წავსულიყავი, სიხარულით მასთან გავრბოდი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად მქონდა იმის იმედი, რომ ჩემს ცალმხრივ გრძნობას პასუხი გაეცემოდა. მან მიმატოვა, მაგრამ როგორ მიმატოვებდა, როცა არც კი ყოფილა ჩემთან. ალბათ, დაგაინტერესათ, ვინ იყო ეს ქალი? გსურთ გაგება? ეს იყო... მადამ ევა ბოვარი. რას ვიზამ,  დრო მიდის და შუშდება იარები, მისგან მოყენებული ჭრილობები კი უნივერსიტეტში ჩარიცხვამ მომირჩინა... 
  ჩემთან ერთად პირველ კურსზე ჩაირიცხა ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, სახელად  ჩარლზ დიკენსი, რომლის შრომისმოყვარეობითა და ოჯახისადმი თავგამოდებული ერთგულებით გაოგნებული ვიყავი, შექსპირისა არ იყოს, ისიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. უნივერსიტეტში არ გამომივიდა მასთან დაახლოება , მაგრამ მაშინ, როცა მან უსახსრობის გამო სწავლა შეწყვიტა და კლერკად დაიწყო მუშაობა, ჩვენი გზებიც გადაიკვეთა...
 ერთხელ არასასიამოვნო ფაქტი შემემთხვა: საღამო ხანს მიყვარდა ლონდონის ქუჩებში სეირნობა და  ლამპიონით განათებული ხედების ცქერა.ზოგჯერ მუზაც კი მომაწვებოდა და უკანმოუხედავად სახლში გავრბოდი, აზრი რომ არ გამწყვეტოდა და სასწრაფოდ ჩამეწერა. სწორედ ამგვარი მორიგი  გაქცევისას ჩავირბინე ლედი ჰოლენდის სალონის წინ, სადაც ჩემდა ჭირად,  ქალისა და მამაკაცის არასასიამოვნო საუბარს შევესწარი. გულმა არ მომითმინა და ქალის დასახმარებლად გავწიე, თუმცა აქეთ დასახმარებელი  ვის უნდა დავხმარებოდი. ახლა ვფიქრობ და გული მწყდება, რატომ მაშინ არ გამახსენდა ანდაზა:“არამკითხე მოამბეო...“ რომ გამხსენებოდა, ხომ არ მექნებოდა ლავიწის ძვლის ორმაგი მოტეხილობა? რა თქმა უნდა, არა. „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ - ეს ანდაზაც თუ მართალი იყო, ნამდვილად  არ მეგონა,  სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. ვიფიქრე: მოკამათეებს ერთმანეთს დავაშორებ, დავაშოშმინებ და ყველაფერი კარგად ჩაივლის, თან სადღაც გულის სიღრმეში საკუთარი მკლავის იმედიც მქონდა, აბა იმას რას წარმოვიდგენდი,  ის კოჭლი კაცი თუ მოკრივე იქნებოდა. მისული არ ვიყავი,  შორიდან შევძახე ომახიანად: გაეცალე ქალბატონს, თორემ ჩემთან გექნება საქმე-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რა მაყვირებდა ნეტავი? როგორც აღმოჩნდა, ის კაცი უკვე ტოვებდა ამ ქალბატონს, თანაც სამუდამოდ , მაგრამ ჩემი ჩარევა ვერ აიტანა და საკმაოდ არათავაზიანად ,,მითავაზა“ რამდენიმე მუშტი,  რამაც გონება დამაკარგვინა. საწყალს ისე შემოველახე,  თვითონვე გადამიყვანა ადგილობრივ ჰოსპიტალში  და მკურნალობის ხარჯებიც თავად  დამიფარა. ეს ყმაწვილი კი, როგორც გაირკვა,  ბატონი  ლორდ ჯორჯ გორდონ ბაირონი აღმოჩნდა, რომელიც იმ საღამოს მადამ კაროლინა  ლემას ესაუბრებოდა. ამ შეურაცხყოფამ მაფიქრებინა სარჩელის შეტანა მის წინააღმდეგ და ამაში სხვა ვინ დამეხმარებოდა, თუ არა ჩემი ნაცნობი ჩარლზ დიკენსი? ეს ფაქტი გახდა ჩვენი დაახლოების მთავარი მიზეზი. 
               უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც შევძელი  უსაზღვრო განათლება მიმეღო. იქ ხომ ვოლტერ დიდრო მიტარებდა ლექციებს. აქ ვისწავლე „სუფთა ფილოსოფია“ და „წმინდა ლიტერატურა“. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ინტერესის გააქტიურება საერო საკითხებისადმი. 
   მოგეხსენებათ, მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, რომელშიც მეც კი ვიღებდი მონაწილეობას. სხვების მსგავსად, მეც ველოდი ხსნას თუ არა, სასიკეთო ცვლილებებს მაინც, თუმცა  მხოლოდ ტკივილი და კაეშანი დამიტოვა, გამიცრუვდა იმედები. ერთი პირობა ვიფიქრე, წარსული ხომ არ სჯობდა ამისთანა აწმყოს. დავკარგე მომავლის რწმენა. ამ ტკივილებისგან თავის დასახსნელად რაიმე უნდა მეღონა, უნდა გამოვსულიყავი ამ უკუნითი სიბნელიდან. ხსნამაც არ დააყოვნა და გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე.  ეს სინათლე იყო სკოლის ძმადნაფიცი კოლრიჯი, რომელთან ერთადაც ერთხელ ბუნების წიაღში გადავწყვიტე განმარტოება. ჩვენთან ერთად სხვაც ბევრი  წამოვიდა. მათ შორის გამოვყოფდი ვოლტერ სკოტს და ბალზაკს. აქ დავსახლდით ტბის პირას და დავიწყეთ ცხოვრება გუშინდელი დღით. ერთ დღესაც, როდესაც ღრმად თუ არა, ნორმარული ძილით მაინც მეძინა და ძველ ტრამვებსა და გულისტკივილს ვიშუშებდი და გაცხარებული ბრძოლა მქონდა ქარის წისქვილებთან,  ვიღაცამ ისეთი ძალით შემაჯანჯღარა, მღვიძარე რომ ვყოფილიყავი, უსათუოდ შიშისგან ჩამეძინებოდა. წამოვხტი, წინ მდგომ ლანდს ხელი სახელოში წავავლე და ის–ის იყო გამეტებით უნდა დამერტყა, რომ  ხელში მომღიმარი, მშვიდი და საშუალო სიმაღლის მამაკაცის სახე შემრჩა. თვალზე ბურუსმა რომ გადამიარა და დაკვირვებისა და აღქმის უნარი დამიბრუნდა, თვალწინ ნიკოლა გოგოლი მედგა. ისე კეთილად მიღიმოდა,  ხმა ვერ ამოვიღე და  აქეთ ვიგრძენი თავი დამნაშავედ რომ მძინარე დავხვდი. ისე მძინებია და ალბათ, იმდენ ხანს, რომ ვერც კი გავიგე, როდის მოსულიყო. მისი მოსვლა გარემოსაც კი დასტყობოდა, ყველაფერი სულ სხვანაირი იყო, ეს არ იყო ის ადგილი, სადაც დავიძინე და არც ის ადგილი, სადაც გაღვიძებას ვგეგმავდი. ეს გარემო იყო რაღაც ამოუხსნელი და შეუცნობელი. გარშემო აღარც ჩიტების ჟღურტული და აღარც ბაყაყების ყიყინი  ისმოდა. არ დამხვდა ისეთი რამ, რასაც მომავალი არ ექნებოდა. პირიქით, აქ ყველაფერი რეალური და სიცოცხლისუნარიანი იყო...
   ამ დღიდან დავიწყე მომავლის იმედით ცხოვრება. დღესაც აქ ვარ, ასოებისა და სიტყვების გარემოცვაში. ერთი შეხედვით, უსასრულო თალხი დასდებია ცემს სამყოფელს. თუმცა თეთრისა და შავის კონტრასტი ახალ აზრებს კვეთს და ნება შენია... ამ სიშავისა და სითეთრის საოცარ ოკეანეში გადაეშვები და აღმოაჩენ ახალ სამყაროს _ ბროწეულის ყვავილივით ალაკრულს თუ ჩალისა და ფორთოხლის ნაზავს... თუ დარჩები მარადიულ ბურუსში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი