შენზე, მთებზე ან ღმერთზე
და რა ვთქვა მთებზე, ღმერთზე, ან შენზე, დღეს ცადაცლილი ქალაქი მოაქვს, არც ჰორიზონტი, ნისლი წევს გზებზე, თვალებში მარტო მზერაღა ბორგავს. ვერ დაშვებული ფარდები ღამის, უმსახიობოდ ტრიალებს სცენა, ახლა იქ სადღაც გრძნობები ყვავის, სადღაც კი სული კვლავ საზღვარს სცდება. დაუკრებია ქუჩას ხელები, ისეთი მშვიდი სიზმრებით ძინავს, ყინვა, განცდებით განახელები, მარტოობის ამ წამებით გმინავს. კვლავ შეასუსტებს ზამთრის ციებას, სდით გაზაფხული გაღმა ნაპირებს, არ შეწყვეტს ფიქრი, გზათა ძიებას, მანამ ჟამი არ გამინაპირებს. და რა ვთქვა შენზე, მთებზე, ან ღმერთზე, რაც რომ აქამდე არასდროს მითქვამს, შეყვარებული, უსაზღვრო თქვენზე, თქვენში მე ყველა მისხალი მიყვარს! მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი