მინდა რომ იქ დავიწყო


მთელი ჩემი სხეული დავისერე წვეთებით,
რადგან სული ოხერმა ქარიშხალმა დაგლიჯა...
ღმერთო როცა იქნება, როდესაც ჩვენ შევხვდებით,
მინდა მზე ანათებდეს შორით ლურჯი ფანჯრიდან...
ზამთარია, ნისლები დაჰფენია ხეობებს,
მოწყენილი ამინდი მარტობას გაურბის.
დათოვლილა მთები და სძინავთ თითქოს ქარაფებს,
მარტოღა არაგვია, მომიყვება რაც უწყის...
სევდაშეხსნილ ჭრილობებს მორევიათ დარდი და
ფიფქზე უხვი ფიქრები ძარღვებში სისხლს სუსხავენ...
მახრჩობს გული, არადა დღეს არც ლექსი არ მინდა,
მაგრამ დამზრალ თითებზე კვლავ რითმები ცურავენ.
გაძარცვული ხეები მომბღავიან უენოდ...
გაზაფხული შორია და ჩემსავით დარდობენ.
ნუ დაგვტოვებ უფალო, ნუ დაგვტოვებ უშენოდ.
ამ სამყაროს მდგმურები მხოლოდ შენში დარობენ...
ჟამს თავისი მიაქვს და მე სხეული მიცვდება,
სული ალბათ გაუძლებს...ხომ გაუძლო რაც იყო...
როდესაც ჩვენ შევხვდებით, ღმერთო როცა იქნება,
არ კი დავმთავრდებოდე, მინდა რომ იქ დავიწყო...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი