არეულ სტროფებს


ქარია...ღრუბლებს, ზეცის თეთრ ნოტებს...
აურევს ისევ, როგორც სჩვევია.
ჭადრებს კი, ჩვენი უბნის მცველ ლოთებს...
გააცლის განცდებს რაც შერჩენიათ.
იბარბაცებენ ლამპიონები,
მთვარე კი სავსე, შფოთს შემოიტანს
სულში და ვიცი დამიობლდები...
თუკი ეს გული ვერ გადაიტანს.
ვეძებ, ძვირფასო მერწმუნე ვეძებ
სიმშვიდეს, მაგრამ არ დგება ქარი...
ვერც თეთრი მტრედი მოვნახე, ეგებ
სიმი გაუწყდა, არ უკრავს ქნარი.
ფოთოლცვენაა, ახლა ჩემს გრძნობებს,
კვლავ აადიდებს დრო ჩემი თვისა...
დატოვებს ღამე არეულ სტროფებს,
არ ურევია არც წვეთი ღვთისა.
ქარია... ღრუბლებს აურევს ისევ,
ან არსაიდან მოიტანს ვიცი...
რა ადვილია სათქმელად, მისცე
და რა რთულია აღსრულდეს ფიცი...

მთიელი
(კაცი ნოემბრიდან)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი