არც ამდენი ზამთრის ვალი არ გვქონია


ვიცი რომ დაგირჩე გინდა, დიდ ხანს მლამობ,
ასე დარდიანი ვერც შენ გეწამლები.
დრო რომ ასჯერ გავჭრათ ისევ მე ამირჩევ...
მერე ჩემთან ერთად ასჯერ ეწამები.
მე კი ჩემი სულის, ისევ მხოლოდ სულის
საუნჯეს გაჩუქებ, თუმცა რას გარგია?!
ერთად დავბერდებით ასე შენისლული
ერთმანეთით სავსე, როგორც მთა-ბარია...
ყინვას შეჩვეული, იმ ხის ტოტებივით
ქარმა ჯერ ვერა და რომ ვერ დაამტვრია.
ფიქრნი თავს მესხმიან ირგვლივ ქორებივით,
გულში გაწვიმდა და თვალნიც აამღვრია...
ქუჩას მივუყვებით მე და ღამის ბინდი,
გვიან თენდება და რადროს აისია.
როგორ გვჭირდებოდა, მჭირდა, გჭირდი,
ამ უბნის ხეებმა, განა არ იციან?!...
იქნებ, კიდევ ერთხელ გავძლოთ, შევეზავოთ,
ზამთარს მივეკედლოთ ჩვენ და მთების გმინვა.
ალბათ, როგორ გიჭირს გინდა ბედს ედავო,
ისევ დაგტოვე და მანდ კი როგორ ცივა...
მივდივარ და ქუჩებს ვუბღვერ, ვექიშპები,
აღარ თენდება და აღარც ღამე არი,
მივდივარ და იღბალს სადღაც ვემიჯნები,
ალბათ არ მოვწონვარ, ასე ავდრიანი...
მოვა, ვიცი მოვა გაზაფხული!
არც ამდენი ზამთრის ვალი არ გვქონია...
სულში გიხუტებ და ჩემით დაფარული,
გიცავ ყველაფრისგან და ასე მგონია...
დიდხანს ვიქნებით ჩვენ, თუკი დრო გაგვიძლებს,
რამდენ ღიმილების კონას შეგავნევდი.
დრო რომ ასჯერ გავჭრათ, ვიცი მე ამირჩევ,
მერე ასივეჯერ ჩემთვის ეწამები...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი