უსათაუროდ


თუკი გათოვდა, თუკი გაბედეს,
ნოემბრის ღამე თუკი გათეთრდა.
ანგელოზებმა არ დამანებეს,
ჩვენი ხიდიდან ფრთების დამტვრევა...
ძველი მუსიკის ჰანგებს, გაცრეცილს,
მშვიდი აკორდი ხმაურობს ხელთან.
როგორ მინდოდა ცოდვით დავერცხლილს
მომესწრო მართალს, ღმერთთან და შენთან.
მაგრამ, ირევა ზოგჯერ ეს გზები,
წმინდანებს კლავენ და ცრუ ღმერთი ჰყავთ!
დახრეს რამდენჯერ დახრული ძვლები,
ღვთისმშობლის წილს აქ დღესაც ებრძვიან!
გაუძელ გულო! რამდენი ფიქრი
მოდის და რამდენს კვლავ ვერ მასპინძლობ.
დრო უმოწყალოდ მიდის და მიჰქრის,
იცნობდი, ვერ ცნობ ან ხვალ გაიცნობ...
მთვარე მდუმარე ტირიფს დარაჯობს,
რომ არ ატირდეს წარსულის ხიბლში.
მოგონებები, მართლა არ მახსოვს,
რად შევინახე ცარიელ სკივრში...
ჩასძინებია ქალაქს უჩემოდ,
მე და ეს ღამე სანამ გავიტანთ.
გათენდება და თავს რით ვუშველო?!
თუ მოიღრუბლა და მზე გაცივდა.
როგორც სიყვარულს, ისე ამ ლექსებს
სათაურები, რომ არცერთს არ აქვს.
ჩემი ბავშვობა გაჰყვა იმ ძველ წლებს,
მაგრამ, ის ბავშვი მე გულით დამყავს.
მხოლოდ თვალებში მოჩანს ის სევდა,
გზებზედ რომ მფენდა, ალბათ ბოროტი.
ან ბედნიერი ლექსებს ვინ წერდა?!
სინათლე უცდის გვირაბს ბოლოში...
ვწერ და ქრებიან შავი ლანდები,
ნოემბრის კაცი ივლისს ვიჩემებ!
ახლა თავიდან შეგიყვარდები,
ვიცი და ისევ მეც შეგიფერებ.
გაგეღიმება ჩვეულ სიმორცხვით,
ქალავ მაგ თვალებს დახრი თავიდან,
გახელებული შენი სიტურფით,
შემიყვარდები კვლავ და წამიდან...
მთებს გააღვიძებს ჩემი სიმღერა,
ნისლს გადაიკრებს, გზაც და ქალაქიც,
ღმერთი იქ გვიცდის, სადაც გვჭირდება,
ჩვენ ნუ დავტოვებთ, ჩვენ
და მაინც...
რატომ გათოვდა, როგორ გაბედეს?!
ნოემბრის ღამე როგორ გათეთრდა.
ანგელოზებმა რად დაანებეს?!
იმ ჩვენი ხიდის უღვთოდ დამტვრევა.

მთიელი
(კაცი ნოემბრიდან)🦂

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი