ნოემბრის ამინდი ვარ
შემომაღამდა, იმედს ისევ დარდი მიყუჩებს, ვგრძნობ დაამსხვრევენ გრძნობის ტაძრებს ახლა თავიდან... დამადევნებენ სავსე მთვარის ჩვეულ სიჩუმეს, გადამკარგავენ, არსად წასვლა მე რომ არ მინდა. ქუჩა მახვედრებს არყით სავსე სუსხს და განთიადს, ასეა, ზოგჯერ აკვნის რწევას ცვლიან ქარები... შევეგუები დღეს ახალი ავდრის ამინდს და გათავდებიან ეს განცდები, ვით მოკვდავები. დავთმობ ლექსებს და მე ხვალიდან მხოლოდ ვილოცებ, საკუთარ თავთან ჭიდილს შევწყვეტ, ვცდი ამ საღამოს. გამოვფხიზლდები, პოეტივით აღარ ვილოთებ... თავს მოვიტყუებ, ვეგუები რომ ამ სამყაროს... დაბრუნდებიან მერე იქნებ ლურჯი დღეები და მზიანი ცა კვლავ ამოვა იმ ხის სახლიდან. მაგრამ, ნოემბრის ამინდი ვარ, მათ ვერ ავყვები, მაისის დარი რომ ღალატობს, ივნისს აპრილთან... ან კი ამ ყვეყნად სამუდამოდ თავს ვინ იტყუებს?! მე პოეტი ვარ! და ამ სასჯელს ცამდე ავიტან... ხო, ამ საღამოს იმედს ისევ დარდით ვიყუჩებ, გრძნობის ტაძრები ავაშენო უნდა თავიდან. მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი