თუ ყოველ ღამე გკლავენ თავიდან


ცივია ღამე, ან ეს ქალაქი,
ან მენატრება უბრალოდ მთები,
მე და ისევ ეს თეთრი ქაღალდი
და გასაფრენად კვლავ არ მაქვს ფრთები...
ლამპიონებით ანთებულ ქუჩებს,
აკლიათ მშვიდი და თეთრი ნისლი,
თამბაქოს კვამლით დასერილ ღრუბლებს,
თვალიდან დაღლილი თითებით ვიცლი.
ვიცი, რომ არ აქვს ამ ფიქრს საზღვარი,
ეს მელოდიაც უკვე დაწერეს,
მიტოვებული ჩემი ტაძარი
ბევრჯერ ააგეს, მერე დალეწეს.
დაწერეს ისიც, რაც არ იცოდნენ,
ან იციან და ჩვენ გვიმალავენ
წაიკითხავენ, არ გაიცნობენ
და ამ ლექსს სადღაც გადაკარგავენ.
არ დაკარგავენ წლები ქარიშხლებს,
მათი სიმშვიდე იჩენს თავს სადღაც,
დრო ოხერია, სადმე წაიღებს,
იქ სადაც ღმერთი, ღმერთი იქ სადაც...
და მერე სწორედ იქ დალაგდება
ანდა, რა სად რა უნდა დალაგდეს?!
ვამბობ და გულზე სიტყვა მადგება...
ღამეც აქ სადღაც უნდა ალაგდეს.
ცივია ღამე და ეს ქალაქიც,
ჰო, მენატრება მთები,
ისევ შევფერე მელნით ქაღალდი
და დამტვრეული გავშალე ფრთები.
გადავევლები ახლა სამყაროს,
რა დიდია და თან რა პატარა,
სუიციდი თუ ახლავს საღამოს,
სადღაც პოეტმა ფრთები დაყარა.
დამღალა გზებზედ უიმედობამ,
უიმედოთ ან ცოცხლობს კი ვინმე?!
ღმერთიც დაღალა უსამართლობამ,
უკვე იმდენჯერ, იმდენჯერ ვიხმე.
და რა ფასი აქვს ან უკვდავებას?!
თუ ყოველ ღამე გკლავენ თავიდან...
ადამმა მაშინ იგრძნო წამება,
როცა განდევნეს თავის სახლიდან!

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი