დღეები მიდიან
წვიმდა და ზეცის მოჰგავდა ტირილს, ბღაოდა ქარი და... და იდგა მომენტი, ქარებს არ ესმოდათ კვლავ სულის კივილის რომ, წუხელ ჩემში მოვკალი პოეტი! არ მსურდა თუმცაღა, ვინ ეტრფის სუიციდს?! უბრალოდ გული მომიკლა დარდმა. ვის რა ეწადა... მერე ვინ იცის. ავდარი იცის ზოგჯერ თვით დარმაც. არც წვიმის სუნი, არც ღამით ტკბობა, არც ხეტიალი აღარც ფიქრები, რუტინით სავსე დღეებთა წყობა, აღარც კი მახსოვს... ან რა რითმები. აღარ ჩამესმის, ვეღარ მახელებს, აღაც სიმღერა მათრობს და უბრად... გიკოცნი ტკივილით გადაღლილ ხელებს, ვეღარ დამსხდარვართ ზოგჯერ საუბრად. ვდგები და ისევ ვიმოსავ ტანზედ რკინისფერ აბჯარს, შიშობ არ გაცვდეს. არ ვიმჩნევ სევდას დაწყობილ ხმაზედ, ვცდილობ რომ წვეთი დარდი არ დამცდეს. გამცემენ ვიცი, ისევ თვალები, მართალი ვიყო მსურს შენთან, ღმერთთან, რომ, ზოგჯერ მეც კი ვერ ვუმკლავდები, ძვირფასო როცა ვრჩები მე, მესთან. დამგმეს და ვიცი დამგმობენ კიდევ, არ არის ჩემში რომ პოეზია... მდინარეც ითმენს გზა და გზა ხიდებს და წყალდიდობაც, ხომ პროტესტია. მიდიან დღეები, დღეები მიდიან, ხან თვით მზეს ვერ ვამჩნევთ რომ ისე ბინდდება. ვიღაც წლებს არ იტყობს, მე წამებს მითვლიან და სულში ისევ პოეტი მიკვდება. არ მინდა, ან განა კი რამეს ვცოდვილობ, რომ ჩემი ფიქრები ხან ასე დიდია. ვძმობილობ ვისთანაც, მე მართლა ვძმობილობ. მიდიან დღეები, დღეები მიდიან... წვიმდა ან ტიროდა ცა წუხელ გოდებით, ბღაოდა ქარი, მაგრამ ვის ესმოდა?! რომ ჩემში ვკლავდი მე პოეტს სტროფებით და ტყვიებს სხვისი აჩრდილი მესროდა... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი