ახდეს მინდა უვადოდ


მინდა ხელი ჩაგკიდო,
ჰო ასე უბრალოდ.
მინდა რომ შორს წავიდეთ, 
გზა მოგვყეფდეს უკვალო.
მინდა შენი თითები
ამ ხელებმა გაათბოს,
შენს ბაგეებს ღიმილი
არ მოცილდეს არასდროს.
ჩვენი სულის სიმშვიდე
ჩემო, ჩვენი უფალი,
სადმე გადაგვეყაროს.
ვსდევდეთ როგორც მწყურვალნი...
მინდა რომ იმ მიწაზე
ლურჯი მთები დაგვიხვდნენ,
ზედ ნისლები ეფინოთ 
ნატვრასავით აგვიხდნენ.
გაზაფხული ენთოს და
ყვავილები ჰყვაოდნენ,
შენი თმების მორთვაზე
ამ გულივით დარობდნენ...
მზემორეულ ბალახზე
ვიწანწალოთ მწუხრამდე,
მერე სული ცეკვავდეს
კოცონიდან ბუხრამდე...
რიჟრაჟს მანამ აისი
დაგვანახებს სარკმლიდან,
ჩვენი ქოხი აფრქვევდეს
ლექსებს ძველი კარიდან.
გარეთ ხეთა შრიალი
მსურს სიმღერას მოჰგავდეს.
აღარც ხეებს სციოდეთ
ზამთარ არვის მოჰყავდეს...
სულში ნუღარ ჩაიშლის
თეთრ ნაწნავებს თოვლი და
ვიგუნდავებთ, ვიცელქებთ
ისე, როგორც ჩვენ გვინდა...
მინდა რომ ეს ოცნება
ან სიზმარი უზადო.
განა ერთხელ ამიხდეს,
ახდეს მინდა უვადოდ...
მინდა ხელი ჩაგკიდო,
ჰო ასე უბრალოდ.
მინდა შორს წაგიყვანო,
გზა მოგვყეფდეს უკვალო...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი