დროებითი ინტერესი
გულწრფელობა ყველაზე საშიში იარაღია არსენალში, რომელსაც ვფლობ. ხშირად აშინებს ნიღაბს ამოფარებულ საზოგადოებას სიმართლის თქმა, ამიტომ შენც გიწევს დაფარო ყველა ის ღრმა ემოცია, რომლის გამხელიათაც, ფიქრობ, რომ ვინმეს დააზარალებ. თითქოს ამისთვის არსებობს წერა და ზოგჯერ ვწერ, რასაც ვერ ვამბობ, ამიტომ ვთვლი, რომ მკითხველი უფრო კარგად შეიძლება გიცნობდეს, ვიდრე ახლობელი, რადგან ზედაპირული მისალმების გარდა, უკვე ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს. მგონია, რომ ყველაფერს ფერი აქვს შეცვლილი, თითქოს აზრი დაკარგა ხვალინდელმა დღემ. იმედის დაკარგვა ცუდი რამეა, ყველაფერში ეჭვი შეგაქვს, დამანგრეველია, რომ საკუთარ თავსაც გამოცდას უწყობ, ასე დრამატულად დგას საქმე. ვამჩნევ, რომ ჩემს მიმართ კარგად განწყობილ ადამიანებს ვიშორებ, ამიტომ ვხვდები, მთავარი პრობლემა ჩემშია. თითქოს გაუცნობიერებლად ვწყვეტ, რომ არ მინდა ჩემთან ურთიერთობისთვის გავწირო ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ამას ვერ ვამბობ, მათთვის კი უბრალოდ, მორიგი ცივი ან უხეში ადამიანი ვჩანვარ. დავიღალე იმის ახსნით, რა, როგორ არის, ან რა, როგორ იყო, რადგან ვერ ვახერხებ გავქრე, უბრალოდ მივდივარ. თავს საშინელ ადამიანად მაგრძნობინებს, როდესაც მიყვებიან იმას, რაც არ მაინტერესებს და ვიხსენებ, რომ ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ. ზოგჯერ მენატრება, როდესაც გულით ვუსმენდი ნებისმიერ სისულელეს, თითქოს არც ვფიქრობდი, რომ ძილი მჭირდებოდა, რადგან იმ მომენტში საუბარი უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის. ახლა უბრალოდ არასწორი დროა, ამიტომ თავი უნდა აარიდო საფრთხეს, შენობას რომელსაც დიდი ასოებით აწერია, რომ დანგრევის პირასაა, არ უნდა ამოწმებდე მისი სადარბაზოს კარებს, უბრალოდ შორს უნდა წახვიდე, თუ გინდა, რომ არ დაზარალდე. მაგრამ, თითქმის ყოველდღე მესმის კაკუნი კარზე და ყველა იგებს, რომ ცარიელი საბჭოთა კორპუსი, არ არის ცარიელი, შემდეგ კი მიწევს იმის მტკიცება, რომ არ არის საინტერესო, ის რაც საინტერესო ჰგონიათ, რადგან ვიცი, რომ მათი ინტერესი დროებითია. მეც ვოცნებობდი უსასრულობაზე და ყველაფერი რაც დაუსრულებელი მეჩვენებოდა, აღმოჩნდა დროებითი, მაგრამ დაუვიწყარი. ამიტომ ვერ ვამტყუნებ ადამიანებს, ვუყურებ ცისფერ მთებს და ნაკლებად პარადოქსული მეჩვენება, რომ თან სადღაც ვამტყუნებ კიდეც. რას გაიგებ. მტკივნეულია, როდესაც ნაცრისფერ კედლებში, ვარდისფერ ნისლს ელოდები, სხვები კი ვერ გხედავენ, ასე ხდება, როცა, სიმშვიდეს ვერაფრით იმკი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი