ჩამქვრალი მზე
მარცხზე დიდი გრძნობაა მონატრება, ხშირად თავს იიმედებ იმედგაცრუებით, გინდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად დამთავრდეს, იქნებ ბოლო მოეღოს ყველა ტკივილს, რომელსაც გულით ატარებ, მაგრამ არაფერი გამოდის. მორიგი პირქუში დილა თენდება, რომელთანაც შეხვედრის ხალისი, ისე გაქვს დაკარგული, როგორც ძველ ნაცნობებთან, რომლებიც შენთვის აღარაფერს ნიშნავენ. ამ სამყაროში ცვლილებები მუდმივია, მაგრამ მაინც ვახერხებთ, გავიჭედოთ ერთ ადგილას ფიქრით, ისე ღრმად, რომ უკან დასახევი გზა, აღარც კი ჩანდეს. ცხოვრების ამ ეტაპზე არ ვეძებ გართობას, არ მსურს მივიღო სიამოვნება ძველი ხერხებით, როდესაც ყველაფრისგან ვიღლები და ვიფიტები, ამ დროს მხოლოდ ის ერთი გრძნობა მინდა განვიცადო, რომელსაც ვეღარ განვიცდი. ყველა მცდელობა კრახით სრულდება, თითქოს მარცხისთვის ვიშვი, ყოველთვის მრჩება სახლში დაბრუნების დროს სიცარიელე და ამ შრეებს ვერაფრით ვავსებ. მტკივნეულია, როდესაც თავს მარტოდ გრძნობ ამ სამყაროში, უფრო საშინელი კი იმ დროს ხდება, როცა ის ადამიანიც მარტოდ გრძნობს თავს, ვისზეც ფიქრობ. ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი დავწერე და ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა, ეს განცდა კი უფრო მეტად მცლის, რადგან ის რაც იყო ჩემი წამალი, გახდა უბრალოდ დოზა, რომელიც დანაკლისში მტოვებს. ხანდახან არაფერს, ხანდახან ყველაფერს ვედები, მაგრამ ვერსად ვხედავ ნათელ წერტილს, ჩემს სამყაროს ანათებს ჩამქვრალი მზე, ამიტომ გაფითრებული კანით და ჩალურჯებული თვალებით, ვამჩნევ, როგორ იცლება იმედისგან ახალი დღე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი