რენე მაგრიტი


ფანჯრიდან არ გამიხედავს ისე გამოვედი გარეთ და სველი დამხვდა ტროტუარი, შემთხვევით 
შემხვდა ათეისტი და მაშინ მივხვდი, თურმე ამ სამყაროში, ვიღაც ჩემზე მარტოც არის, იმდენად მუქი დღეა, უიმედობა ანათებს მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც, ჩემი აზრით კულტურული ძეგლია. შეგიძლია აქ ერთ მომენტში ნახო, როგორ აფურთხებს უცხოელს ბავშვი, რომლისგანაც სანთელი იყიდე. არ ვხუმრობ, ფაქტობრივად ციგნების სავაჭრო ცენტრია ღია ცის ქვეშ მოწყობილი, სადაც ქართველი ტიპი თუფაქის სიმღერებს მღერის ფანდურზე და ხუმრობა არც ეს არის, ჩვენ აქ გავიზარდეთ. შავებში ჩაცმული შვილ მკვდარი დედის სევდა, რომ შეიგრძნო, მხოლოდ ერთხელ უნდა ჩახედო თვალებში ქალს, რომელსაც ხშირად თავჩაქინდრულს ვხედავ კიბესთან. მეტროში სამ ადგილს ერთი მთვრალი ადამიანი იკავებს და შენ არც გაიფიქრებ, რომ მისი ადგილი უნდა დაიკავო, ახლოს როდესაც დგები, მაშინაც გაქვს განცდა, თითქოს მის ოთახში შეიჭერი. ბოლო დროს ნაკლებად მაღიზიანებს, რომ ყველა მოხუცს თავი მართალი ჰგონია, რადგან ჩვენ იქამდე ვართ დამნაშავეები, სანამ ახალგაზრდები გვქვია. ყოველთვის სული მეხუთება ხალხმრავალ ადგილებში, ვერ ვიტან ხმაურს და ერთად შეჯგუფებულ ხალხს ზედმეტად ვიწრო სივრცეში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხმამაღალი ფიქრებიც, ვერ ფარავს მეტროს ხმაურს. ყველაზე ტრაგიკული ალბათ მაინც, უზრდელი ბავშვების ხილვაა, რომლებიც არ აცდიან მამებს იმ საქმის გაკეთებას, რომლითაც დღეს ეს ბავშვები თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ. მესმის საუბარი და ალბათ სწორი ადგილის შერჩევა, ზედმეტად რთული იქნებოდა ამ დიალოგისთვის, მაგრამ ადამიანები რატომღაც, ჩვენს გვერდით განიხილავენ, წინა დღის სექსუალურ გამოცდილებებს. გულწრფელად არ ვიცი ვინ არის სალი, მაგრამ აშკარად მთხრობელის სეხნია გამოდის, რადგან აქამდე არასდროს მინახავს ამაზე დიდი სალი კლდე ცხოვრებაში. რენე მაგრიტისგან განსხვავებით, ვერ დავკმაყოფილდებოდი, რომ მხოლოდ ვაშლი ამეფარებინა იმ სახეებზე, რომლების დანახვაც ამ ქალაქში აღარ მახარებს. თბილისში ყოველი მსგავსი გასეირნება მოგზაურობას ჰგავს, უბრალოდ უნდა დააკვირდე მოვლენებს. დამიჯერე, არ გინახავს იმაზე მეტი ამბავი ფილმში, რასაც რეალობაში ვერ ნახავ. ბრაზი სევდამ ჩამინაცვლა, როდესაც ჩაძინებულებმა მოხუცმა შეყვარებულივით დამადო თავი, თან ვხვდებოდი, რომ მას არსად ეჩქარებოდა, არა და ამ ქალაქში ყველა ფორესტ გამპივით გარბის ვაგონისკენ, თითქოს იკეტება, სამოთხის კარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი