ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით


თითქოს დიდი ხანია არ დამიწერია, როდესაც შინაგანად ვიცლები, აღარ ვწერ. არ მინდა ჩემი სათქმელი ისე ჰგავდეს ერთმანეთს, როგორც რუტინაში მოქცეული ყოველი ახალი დღე,
რომელთა სათვალავიც უკვე არეული მაქვს. როდესაც ყოველდღე განიცდი დეჟა ვუს, შინაგანად ფიქრობ, რომ მარყუჟში ხარ მოქცეული, რომელსაც ვერ ამტვრევ. რაღაცით ვგავართ პატიმრებს, ჩვენ არ დაგვჭირდა სასამართლო, მაგრამ მაინც შეზღუდული გვაქვს თავისუფლება. ვუყურებ როგორ ეცემა წვიმის წვეთები საქარე მინას, ჩემი თვალები კი ლამპიონებს ისე ირეკლავს, თითქოს სისხლში ალკოჰოლი მაქვს, ასე ხედავ ყველაფერს თვალცრემლიანი, როდესაც გავიწყდება, ბოლოს მშვიდად როდის გეძინა. სასიამოვნო სიახლე ცხოვრებაში სიურპრიზად იქცა, დეპრესია კი ფაქტობრივად ჩვენი ჰობია, ზოგჯერ ისე გულმოდგინედ ვეწევი გულისამრევ ცხოვრებას, როგორც ანა კარინა სიგარეტს. ლამაზად, მაგრამ დაფარული შრამებით, ვახერხებთ ცხოვრებას საკუთარი ცხოვრებით, მაგრამ თავს ყოველ ღამე ვეკითხებით რის ფასად? თუ კი ფსკერს ჰგავს მწვერვალი, რომელიც მიუღწეველია, ვისთვის ვიხარჯებით, რატომ ვაწონებთ ადამიანს თავს, რომელიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავს? ბევრი კითხვა გვაქვს, რადგან ბევრ ნაწილად გავიხლიჩეთ. ადამიანები ჩემში ხედავენ იმას, რასაც მე გადავწყვეტ, რომ ვაჩვენო. ყველა მთლიანი სარკე ჩემთვის გატეხილია, რადგან როგორც კი ვიხედები, ირღვევა ჩემი მთლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ არ მავიწყდება ვინ ვარ, მაინც კითხვები ჩნდება, რატომ ვაკეთებ იმ ყველაფერს რასაც ვაკეთებ და რატომ არ ვაკეთებ იმ ყველაფერს, რასაც არ ვაკეთებ, მე კი უბრალოდ სიმშვიდე მინდა. შეწყვეტილი ხმაური თავში, ჰარმონია და იმის კეთება რაც მიყვარს, თითქოს სამოთხე იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ განუწყვეტლივ მარყუჟში ვვარდები,  დიდი სიმაღლიდან, ჩემი ცხოვრება ისე დაემსგავსა ჯოჯოხეთს, რომ უკვე კარგად გავიცანი დანტე და ვირგილიუსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი