სიზმრების და რეალობის გასაყარზე
კალაპოტიდან ამოვარდნას ჰგავს ერთი გათენებული ღამეც, როდესაც გაუაზრებლად მტერივით დაესხმები თავს საკუთარ გრაფიკს. ყოველ საღამოს, აღარ გექნება სადარდებელი გამოტოვებული ზარები, თავადაც იცი, რომ მათთან ისედაც არ აპირებდი დარეკვას, მაგრამ გამოტოვებული მზის სხივების აღდგენას ვერ შეძლებ მთვარის შუქზე, რაც არ უნდა კომფორტულად იგრძნო თავი სიბნელეში. ვიცი, რომ გიყვარს სინათლე, რომელიც ყოველდღიურად იკლებს შენს ცხოვრებაში, ყოველღამე როდესაც ლოცვის გარეშე იძინებ, ანგელოზები უწევენ სიკაშკაშეს შენს ცხოვრებას, როგორც შენ უკლებ განათებას ტელეფონის ეკრანზე მაშინ, როდესაც თვალები გეწვის. ახალი ანგელოზების დამეგობრება ბევრად რთულია, მხოლოდ მათ სჯერათ შენი, ვინც მაშინაც გიცნობდნენ, როდესაც ნაკლებ შეცდომას უშვებდი. დღეს ყველა დასვრილს გხედავს, მაგრამ მარტივად ვერ გადაგიყვარებენ, ისინი ვინც, ერთხელ უკვე იწამეს შენი. აიწონა-დაიწონას პრინციპს ვეძახი, როდესაც მხარზე დემონები გჯობნიან. ბევრად მარტივია დემონებთან მეგობრობა, ყველაფერში ხელს გიწყობენ, ყველა იდეას რაც თავში მოგდის ტაშს უკრავენ და განხორციელებაში გეხმარებიან. ზოგჯერ ვერ ხვდები, შენი იდეაა თუ მათი, მხოლოდ მაშინ იგებ, რომ მახეში გაგაბეს, როდესაც ანგელოზებს რომლებსაც ფრენა აკრძალული აქვთ, შენი მხრებიდან ღუზას მიწაზე უშვებენ, რადგან არ შეუძლიათ იმ ყველაფრის ყურება, რის ჩადენასაც აპირებ. ზედმეტად რთულია მიხვდე, რომელია სწორი გზა, ამიტომ შეიძლება დაიკარგო გზაჯვარედინზე. არსებობს ადგილები, სადაც მიწაზე დაშვებული ანგელოზები კარს იქით რჩებიან, შენ ეს ფაქტორი განიშნებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ გაჩერება თითქმის შეუძლებელია როდესაც პროცესის მონაწილე ხდები. კვნესის ხმას ჰგავს დემონების სიცილი, ამ მომენტებში ვეღარ არჩევ, სიამოვნებას იღებენ თუ დაგცინიან, როდესაც ბნელ ღამეში მათი ჩანაფიქრი სრულდება. ყველაფრისგან დაღლილი, ბოლოს ვერაფერს იგებ, ფინიშის ხაზთან გეგონა, რომ გამარჯვებული შეძლებდი დაძინებას, მაგრამ გაურკვევლობაში მყოფს, ანგელოზების ტირილის ხმამ გაუწყა, რომ მორიგი შეცდომა დაუშვი, ამიტომ ისევ გიწევს ებრძოლო ინსომნიას, სიზმრების და რეალობის გასაყარზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი