უცხო


გაღვიძება ხშირად ჰგავს ნაბახუსევს, რადგან სიმძიმით დგები. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ დამავიწყდა, რომ გუშინ ვსვამდი, რადგან იმაზე მძიმედ ვახელ თვალებს, ვიდრე, სასმლის არევის შემდეგ. სიამოვნებას აღარ მანიჭებს ალკოჰოლი, მხოლოდ მოგონებებს მიმძაფრებს, გაქცევის საშუალება მხოლოდ მაშინ არის, თუ ყოველდღიურობის კარს უღებ, რამოდენიმე თვეში კი ხვდები, რომ ჯობს ისევ ცუდ ხასიათზე იყო, ვიდრე გახდე - დამოკიდებული. როდესაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, ურჩევნია სხვების ცხოვრებას შეაფაროს თავი, ასე უფრო მარტივია. იშვიათი ადამიანი გეტყვის, რომ უპასუხისმგებლოა, მაგრამ რეალურად, იშვიათი ადამიანია -  პასუხისმგებლიანი. დროის მცირე მონაკვეთში, მეც მახარებდა, როდესაც სხვების ცხოვრებაში დიდი როლი მქონდა, მაგრამ, მივხვდი, რომ ჩემს გაქრობას ის ადამიანები ვერც შეამჩნევდნენ, ტალახში გაწვდილ ხელს კი, ყოველთვის ისე მიიღებდნენ, თითქოს, მათი დახმარების გარდა სხვა არჩევანი არც მქონდა. როდესაც მე აღმოვჩნდი ტალახში, სანთლის შუქზე ვეძებდი ადამიანებს, ჩასისხლიანებული თვალებით, იმედის ნაპერწკალივით ვეძებდი შუქს, რომელიც გზას გამინათებდა, მაგრამ ვერავინ შეძლებს შენს გზაზე იყოს გიდი, რადგან წყვდიადს მხოლოდ საკუთარ თავზე გამარჯვებით უნდა დააღწიო თავი. გარშემო თითქმის ყველა ერთნაირია, ერთი განსხვავება კი, ანგრევს ყველაფერს, მათთვის არა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხდება დამღუპველი, ის რომ შენ არ ხარ მათნაირი, ვერ ეგუები, გაურბიხარ, რაც ართობთ, გაღიზიანებს, ამიტომ რჩები მარტო, ადამიანებს კი ყოველთვის აშინებთ ის, რაც მათთვის არის - უცხო. მარტოობა შინაგანად ყველას აწუხებს, მაგრამ ზოგს იმდენად ძვირი აქვს ნიღაბში გადახდილი, ვერ მიხვდები, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მაშინ ინგრევა, როდესაც ღამით ფიქრები დაძინების საშუალებას არ აძლევს. სიყალბე ჩემი აზრით დაავადებაა და უკვე იმდენი ინფიცირებული ვნახე, დღითიდღე ვკარგავ ადამიანების ნდობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი