დაკარგული სიმშვიდე


დილის შვიდის ნახევარია, ახლად გაკეთებულ ყავას ჯერ კიდევ ოხშივარი ასდის, მაგრამ მალევე შევაგებე აივანზე ცივ ნიავს. ჩიტების ჭიკჭიკი, რეჟისორის მიერ იდეალურად არჩეულ მუსიკას ჰგავს, თითქოს ტარანტინომ გახედა მოყვითალო ცას და თავში პირველი ეს იდეა მოუვიდა. ზუსტად იცის ხოლმე, რომელ კადრს, რომელი მუსიკით გააფორმებს ისე, რომ წლების შემდეგაც არ განელდება, მისი  ესთეტიკა, რომელიც, წაქცეული საშაქრესავით ზედმეტად ატკბობს კინო სამყაროს. ალბათ იდეალური იქნებოდა ამ ლამაზ სცენას ისე შევხვედროდი, ღამით რამოდენიმე საათი მაინც დამეთმო ძილისთვის, მაგრამ დიდი ხანია, ღამით აღარ მძინავს. ძილის არევა ცხოვრების არევას ჰგავს, მუდმივად ცდილობ გამოსწორებას, მაგრამ ზოგჯერ უარესი შედეგი დგება. მარყუჟში გაჭედილი ზაზუნასავით, უბრალოდ ყოველდღე ერთი და იგივე სურათს ვუყურებ და პარადოქსია, რომ მაინც უმრავლესობაზე ლამაზად შემიძლია დავხატო ერთი და იგივე სურათი ასჯერ, ან ათასჯერ, ჯერ ოთხი რიცხვით არ დაგვირგვინებულა ჩემი ჩანაწერები. ხშირად ვფიქრობ, რომ არაფერს აქვს აზრი, მაგრამ დეტალებში ვეძებ სიხარულს, არ მინდა ზედმეტად უიმედო, უიღბლო, ან უნიათო, გამოვჩნდე საზოგადოების თვალში, მერე რა, რომ მაგლები არიან, ყველა ადამიანს ვაფასებ, მათაც ვინც, ჩემში ჯადოქარს ვერ ამჩნევენ, ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ასე სჯობს. ყავა ცივდება, გარშემო კი თანდათან სინათლე მრავლდება, ადრე ვცდილობდი სხვა თვალით დაენახათ ვინ ვიყავი, ახლა კი უბრალოდ აღარ მაინტერესებს, რას ფიქრობენ, მე უბრალოდ ვარსებობ, მძიმედ და უსიამოვნოდ. სანამ ბოლომდე ამოვა მზე ხედით ვტკბები ხოლმე, მოგვიანებით როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, ფუჭდება, რადგან ზედმეტი სიკაშკაშე წვავს ჩემს უძილო თვალებს, რომლებიც უცრემლოდ მემუდარებიან, გავიხსენო, როგორია მშვიდი ძილი. მათ ყოველდღე ვატყუებ, რომ ამ საკითხზე ვფიქრობ, სინამდვილეში კი არ ვამხელ, რომ დიდი ხნის წინ დამავიწყდა, რეცეპტი, რომლითაც შესაძლებელია მათთვის საყვარელი კერძის მომზადება, რომელსაც სიმშვიდე ჰქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი