მოკლე ჩართვა
შენ დაგავიწყდა, რომ ისევ ვარსებობ, მაგრამ მოულოდნელმა გადაკვეთამ, გაგახსენა, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანის დანახვამ, აგაფორიაქოს ისე, თითქოს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ. თითქოს სხეულის შრეებში წამის მეასედში იზრდებიან და ჭკნებიან იები, როდესაც იმ ადამიანს ხედავ, რომელმაც გასწავლა, ტკივილიც და სიყვარულიც. გულის ხმაურიანი მუშაობა გაუწყებს, რომ ის, რაც გამოგონილი გეგონა, რეალურია, უბრალოდ სხვა ადამიანები ვერ ახერხებენ შენში გამოიწვიონ ქარიშხალი. დანევროზებულს გიწევს სიკვდილს დაელოდო ბნელ ღამეში, როგორც შტორმში მოყოლილი ადამიანი, მარტო ვარ ნავში და ვფიქრობ, შევიყვარო ის სიცარიელე, რაც მხოლოდ ჩაძირვას მპირდება. უბრალოდ ვაგრძელებ ნიჩბების აქეთ-იქით ქნევას თითქოს ამას რაიმე აზრი ჰქონდეს. როდესაც ხვდები, რომ თავს იტყუებ, შემდეგ ცდასაც აზრი ეკარგება, მცდელობა ზოგჯერ თავის მოტყუებას ჰგავს, თუ არასწორ დროს, არასწორ ადგილას, არასწორი ადამიანისთვის, ან მიზნისთვის ცდილობ. ზოგჯერ სიცარიელე სჯობს, სისავსეს, რომელიც შენი თავის მოტყუებით იქნება შევსებული, რადგან ვიცი, რომ ვერ ვიქნებით სავსე, თუ კი თავს არ მოვიტყუებთ, რომ ყველაფერი დავიწყებულია, თუ არ ვიტყვით, რომ შევცდით, უნდა დავიჯეროთ, რომ ყველაფერი ფუჭი იყო, სხვა შემთხვევაში, არაფერი იქნება კარგად. ამ ფიქრებით მეც ძველი ტელევიზორივით გადავიწვი, მაგრამ თავს ხელს შემოვარტყამ და ისევ ვაგრძელებ მუშაობას, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ეს ყველაფერი უბრალოდ გაელვება იყო, როგორც მოკლე ჩართვა, იქ სადაც ჩაქვრა სინათლე, სხვებმა დაინახეს, რომ შუქი აინთო, მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს სიბნელე, რამოდენიმე წამი არ გაგრძელებულა, ჩვენ ამ სიბნელეში ვიშვით და დეჟა ვუ გვაქვს, ყოველთვის, როდესაც შუქი ქვრება, გვახსენდება ყველა ტკივილი, იქამდე, სანამ სინათლე არ გაანათებს ოთახს ისე მკაფიოდ, თითქოს ნათება არც არასდროს შეუწყვიტავს, იმ განათებას, რომელიც იმაზე მეტად გვაშინებს, ვიდრე გვიყვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი