ბავშვობის სურნელი


ბავშვობის სურნელი თითქოს ერთ პატარა ფლაკონში მაქვს ჩაკეტილი, ძალიან ცოტა დამრჩა, ამიტომ ვუფრთხილდები, რომ ბოლომდე არ დაიცალოს, რადგან არსებობს მოგონებები, რომლებსაც ვერც უკან დააბრუნებ, ვერც ფულით იყიდი, ერთი პატარა წვეთია საჭირო, რომ ჩემ თვალწინ კადრები გადმოიღვაროს, როგორი ბედნიერებით სავსე იყო ბავშვებით სავსე ეზო, სადარბაზოსთან გაფენილ ხალიჩას, ვრეცხავდით მე და ბებიაჩემი, სარდაფიდან ამოყვანილი წყლით, ისეთ შადრევანს ვაკეთებდი, დარენ არონოვსკის შურდა, ეზოში კი ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ხმამაღალი სიცილები, გაწუწული გამვლელები, ქაფში ამოსვრილი ფეხები, რამოდენიმე ბავშვის ძალა სჭირდებოდა სველი ხალიჩის, ლითონის მილზე გადაკიდებას, მინიმუმ ორი დღე კი გასაშრობად ვტოვებდით, ყველაზე უღიმღამო იყო, მშრალი ხალიჩის ჩამოხსნის პროცესი და თითქოს ასეთი უღიმღამო გახდა დღევანდელობა, თითქოს კარგმა ჩაიარა და დარჩენილია, ბოლო პროცედურა, რომელიც ყველას ეზარება, მაგრამ მაინც უწევს კეთება, რადგან უარს ვერ ამბობენ, სხვადასხვა მიზეზით, ზოგი ხალიჩის ჩამოხსნაზე, ზოგი თავად ცხოვრებაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი