ნაფეხურები


როდესაც თვალებს ზეცისკენ ვაპყრობ, გუგებზე მაწვება სიმძიმე, რის შემდეგაც მიწევს თვალები დაბლა დავხარო და ვუყურო მიწას, რომელიც არაფერს მეუბნება. მიწა რომელიც ზედმეტად სველია, ვაბიჯებ და ვხედავ ნაფეხურების კვალი რომელიც დამხვდა, ზედმეტად ჰგავს ჩემს ნაბიჯებს, თითქოს აქ უკვე ვიყავი, მაგრამ მე არაფერი მახსოვს, უბრალოდ კვალს მივყვები. ისევ იგივე ნაფეხურებს ვაბიჯებ და მიწაში ეფლობა ფეხი, ზუსტად ისე, თითქოს ჩემი ფეხსაცმლისთვის დამზადებულ ყალიბში ვათავსებ საკუთარ ფეხს, როგორც ხაფანგში. ისე მშვიდად და აუღელვებლად, როგორც ალბათ ეს პირველ ჯერზე გავაკეთე, შეიძლება მაშინაც იგივე განცდა მქონდა, რომ აქ უკვე ვიყავი, ახლაც ეს განცდა მაქვს, ძველსაც ეს განცდა ჰქონდა და როდესაც ძველი მე აქ აღმოჩნდა, მასაც დახვდა ნაფეხურების კვალი, რომელიც ზუსტად ერგებოდა მისი ფეხსაცმლის ზომას, ეს ზონა წრეა, სადაც მარადიულად ვაბიჯებ, თავის აწევა მინდა, მაგრამ სიმძიმე მხოლოდ ძველი ნაფეხურების ყურებას მაიძულებს, როდესაც ღამდება, განათებას ვხედავ, ამ დროს უფრო გაბედულად ვწევ თავს, სადაც ვამჩნევ აბრას, რომელიც თეთრად ანათებს, ზუსტად ვერ ვხედავ რა წერია, მაგრამ ზედმეტად ჰგავს ერთ სიტყვას - "გატეხე", კიდევ ერთი სიტყვის ამოკითხვა, რომ შემეძლოს მეტს გავიგებდი, მაგრამ თავს ვხრი და ვაგრძელებ ნაფეხურებზე ფიქრს, ხშირად მგონია, რომ ძველად აქ მყოფებიც იგივეს ფიქრობდნენ, მინიშნება კი ბოლომდე არ იხსნებოდა, ამიტომ ვერ გატეხეს მარყუჟი, იქნებ ასე სურდათ, დარჩენილიყო ყველაფერი, ვფიქრობ, სხვებს უნდა დავუტოვო, თუ შევავსო სიცარიელე? ვფიქრობ ბევრს, ვაგრძელებ გზას და არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ იქ სადაც ნაფეხურების კვალი წყდება, მთავრდება სიცოცხლე, მე კი ზუსტად არ ვიცი, რამდენი ნაბიჯი დამრჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი