ნათება
მიყვარს როდესაც ვქმნი, რადგან ჩემს ფიქრებს ვჩუქნი სიცოცხლეს. დაფიქრდი, რამდენი იდეა კვდება ჩანასახშივე, რამდენი ტკივილი და იმედგაცრუება იმალება, სულის დახურულ ფარდულში, რომელსაც აღარ აღებ და აღარ ეხები. ყოველდღე ახალი იდეა იჩენს თავს, ეს არის აზრების რბოლა, სადაც იმდენ რამეზე მიწევს ფიქრი, რომ სიჩქარეში იკარგება კონცენტრაცია, ვეღარ ვცნობ თავს, ვეღარაფრისთვის ვიცლი, თითქოს მთავარი მიზანი გახდა, რბოლის მოგება, რომელიც საერთოდ არ მჭირდება. როდესაც დრო არ გაქვს, ყოველთვის იმაზე ფიქრობ, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია, თითქოს ამისთვის მხოლოდ დრო გჭირდება, მაგრამ როდესაც თავზე საყრელი დრო გაქვს, ძალიან სწრაფად გერთმევა ყველაფრის ხალისი და ბოლოს ხვდები, რომ საერთოდ არაფრის კეთება გინდა. ვერაფერს ვკითხულობ, ვერაფერს ვუყურებ, ვერაფერს ვწერ და ეს ყველაფერი შინაგანად იმაზე მეტად მანგრევს, ვიდრე ფინანსური მდგომარეობა, ან არასახარბიელო ურთიერთობები. ზოგჯერ მინდა, უბრალოდ ის ვაკეთო, რაც სიამოვნებას მანიჭებს და ვხვდები, რამდენად პატარა გახდა ეს სიაც, რადგან თითქმის აღარაფერი მანიჭებს სიამოვნებას, ამიტომ დავდივარ წრეზე, ვღებავ კედლებს და თავს ვაჯერებ, რომ დღეს სხვა გარემოში გავიღვიძე, მაგრამ შინაგანად არაფერი იცვლება, ოთახი ვარდისფერი იქნება თუ ლურჯი, ნაცრისფერი დარჩება ქალაქი, სადაც ყველა სული, ქალაქზე ნაცრისფერია, რადგან ნაცრისფერ სულებს, როგორც ჩემ ოთახს ვერ აფერადებენ ფერად ტანსაცმელში მოსიარულე გვამები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ირჩინონ თავი. არ მიყვარს პირფერი ადამიანები, ხშირად ღიმილში მალავენ ყველაზე დიდ სიყალბეს, მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით მაქვს ნასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, არ ვცდილობ ხალხს თავი მოაწონო, კოდექსიდან ვუხვევ და საპირისპიროდ ვიქცევი, რადგან არ მინდა ვინმეს ჩემი ნიღაბი მოსწონდეს, თუ კი რეალური სახის ხილვა გაშინებს, არ ვაპირებ ღიმილით შეგიტყუო სიცრუის ლაბირინთში, მირჩევნია ზედმეტად მარტივად, სიმართლემ გადაწონოს ყველა ჩემი კარგი ქმედება, რომლის შემდეგაც ვისჯები, რადგან ხალხს არ უყვარს სიმართლე, ამიტომ ვაგრძელებ ცხოვრებას, ყალბი დიპლომატიის გარეშე, თითქოს ნაჯახით ვამტვრევ მათ კარებებს, როგორც ჯეკ ნიკოლსონი, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ სულებში ვიპოვო ნათება, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილს ვიღებ, ამიტომ ქვრება სინათლე ჩემს თვალებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი