ოცდამეხუთე კადრი


სიმშვიდე ჩემთან იმდენად ახლოს ცხოვრობს, ზოგჯერ ერთმანეთს ვხვდებით, როდესაც ერთი და იგივე დროს, სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ. მას ნარინჯისფერი ქურთუკი აცვია და თვალს მარიდებს, მე კი როდესაც დავინახავ, თვალების აქეთ იქით ცეცებას ვიწყებ, რომ უკეთესად აღვიქვა, თითქოს ამ დროს გარჩევოდობა იკარგება, რადგან ზედმეტად შორი კადრის მოახლოვებას ვცდილობ. იმ რამოდენიმე წამში ყოველთვის ვიკარგები, რომელიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში მეორდება, მაგრამ ეს არ არის დეჟა ვუ, ეს სიახლეა, რომელიც ვიცი, რომ რამოდენიმე წამით გაიელვებს ჩემს ცხოვრებაში ოცდამეხუთე კადრივით. ვეჭვობ, ფილმში ეს კადრი არც არსებობდა, სხვას შეიძლება ვერც შეემჩნია, მე კი ეს შეუმჩნეველი დეტალები მიყვარს იმაზე მეტად, ალბათ ვიდრე სხვებს საერთოდ სიყვარული შეუძლიათ. ჩემი ცხოვრების საუნდტრეკების საქაღალდეს ვხსნი და იმ სიმღერებს ვუსმენ, რომლებიც ოსტატურად მახსენებენ იმ წამებს, რომლის დავიწყებასაც ის ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ჩემს ფილმებში მთავარი როლები მივანიჭე. ზოგჯერ მიფიქრია, რომ არასწორი გადაწყვეტილებების გამო ცუდი რეჟისორი ვიყავი, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდი, ჩემი არჩეული მსახიობის წასვლის გამო შეწყვეტილი კინო უფრო მიყვარს, ვიდრე ის ფილმები, რომლებიც დავასრულე, ან მთხოვდნენ, რომ გადამეღო. ღამით იმაზე საშიში ფიქრებით დავდივარ ქუჩებში, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩემს ნაბიჯებზე ნერვიულობდნენ, მაგრამ დღეს არავინ არაფერს მეკითხება, იმდენად შეუმჩნეველი გავხდი. გამჭვირვალე მთვარე ანათებს კორპუსს, რომელთანაც წამით ისე ვჩერდები, თითქოს შენთან მოვედი. ცუდი ჩვევების სიას კიდევ ერთს ვამატებ, ალბათ კარგიც არის, რომ ვერ მხედავთ. ზოგჯერ ირონიულია ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ თუ დარბაზში ცრემლ ნარევ სიცილს გაიგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ბოლო ფილმი, მორიგი აბსურდული კომედიაა, რადგან ეს ხმა, რომელიც თქვენს ყურებს მოაჯადოვებს, არის მაყურებლის სულებში, დაფარული სიმწრის სიცილი, იმის ჩვენების გამო, რაც ყველაზე მეტად სურდათ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ვერ შედგა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი