პეპლის ეფექტი


სულის ბზარებზე, 
ლეიკოპლასტირივით დავიკარი მუსიკა და ისე გავაგრძელე ცხოვრება, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა. 
თავს ვიტყუებ, როგორც შენ, რადგან არ მინდა ვინმე მიხვდეს, ორი აბიდან რომელი ავირჩიე. 
ეს საიდუმლოა. 
ვცდილობდი უფრო გასაგები ვყოფილიყავი, მაგრამ გახსოვდეს, რაც მეტი იცი, უფრო საშიში ხდები საზოგადოებისთვის. 
ამიტომ უნდა გავიქცეთ. 
ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვცხოვრობთ, სადაც პრინციპები არ გვაძლევს საშუალებას.
გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა.
გვიან მივხვდი: მკერდზე დახატული ფარვანა არ არის საკმარისი, იმისთვის რომ ფრენა შევძლოთ.
ამიტომ უკან ვბრუნდები, იქ სადაც ძალიან ცივა, მაგრამ აღარ მეშინია სიცივის, რადგან მინდა დაგაჯერო, რომ მე ისევ მოგონებები მათბობს.
ზოგჯერ მეც არ ვიცი, რას რატომ ვაკეთებ,
ყველაფერზე არ მაქვს პასუხი.
ჩემი ცხოვრება ჩახვეულ ფირს ჰგავს, რომელიც ერთი და იგივეს ატრიალებს.
ბევრი ტკივილი რჩება ჩაიდანში,
არა და ბევრს ვსვამ.
წყლად ქცეული კოფეინი და ალკოჰოლი, ვერ მინათებს გზას, მაგრამ ზოგჯერ უნორმოდ ვიღებ ყველაფერს, მხოლოდ იმის გამო, რომ ცვლილება ვიგრძნო.
ხშირად ეს ცვლილება უარესია.
კედლებზე ბზარები,
ცვლილებები,
პეპლის ეფექტი.
თითქოს დავბრუნდი, მაგრამ ჩემმა ჩარევამ, უფრო მეტი დეფექტი გახადა თვალსაჩინო.
ამიტომ ბოლო კადრში, ისევ სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი