ღია გალია


ლამპიონის სუსტი ნათება ეცემოდა გაცრეცილ მოაჯირს, რომელსაც წვიმის წვეთები, ზედმეტად დაბალი სიხშირით ხვდებოდა. ისევ არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, სიარულის დროს სახეზე ცივი ქარი მეჯახებოდა, ჩემს თეთრს ფეხსაცმელს კი უკვე წვიმაში მოყოლილის სტატუსი ჰქონდა. ბავშვობის შემდეგ, აღარ ვდარდობ დასვრილ ფეხსაცმელებზე, მახსოვს, სახლში მისვლა გვეშინოდა, მხოლოდ იმის გამო, რომ შემთხვევით ტანსაცმელი გავაფუჭეთ. დროის გასვლასთან ერთად კი, ზოგი შიში, სასაცილოდ გვეჩვენება. ხანდახან ვნატრობ კიდეც, იმ დროში დაბრუნებას. მაშინ, როდესაც სველი თვალებით, სველ ქუჩებს, ისეთი ტემპით მივუყვები, თითქოს სადღაც მაგვიანდება. ახლა, რომ ბებიაჩემთან ერთად ვუყურებდე ტელევიზორს, რომელსაც ჩემთვის გაკეთებული ჩაი, დიდი ჭიქიდან, პატარა ჭიქაში გადააქვს, თან ამ რიტუალს რამოდენიმეჯერ იმეორებს, იმისთვის, რომ ჩაი მალე გაგრილდეს, სადარდებელი არ მექნებოდა, დღეს კი, ისე გავიზარდე და გავცივდი, ტალახში ამოსვრილი არც ფეხსაცმელი და არც სხეული მადარდებს. ზოგჯერ თავისუფლებაც ტრაგიკული რამეა, რადგან, როდესაც გალიის კარებს გიღებენ, ხვდები, რომ წასასვლელი არსად გაქვს, ზუსტად ამ დროს ვიკარგებით. გაქცევას ვცდილობთ, როცა არავინ გვიჭერს და მაინც კრახით სრულდება ჩვენი გეგმა. გარეთ გავდივართ, ყურადღების გადატანას ვცდილობთ, მაგრამ როგორც კი დგება ის ერთი წამი, ყველა ვხვდებით, რომ ტყუილია, რისთვისაც თავს ვწირავთ, რადგან მუდმივად გვმართავს შიში, შიში რომელიც, არც დროის გასვლის შემდეგ გვეჩვენება სასაცილო. საკუთარ თავს გავურბივართ, ჩვენი, როგორც მტრედის გალია ღიაა, მას ფრენა შეუძლია, ჩვენ კი ძირს ვეცემით, ამიტომ გვიწევს გაქცევა. თუ ვერ აკეთებ რაც მართლა გსურს, ჯობს გალიაში დაბრუნდე, რადგან სულიერად ისედაც ოთხ კედელში ხარ, ვიცი, ყოველთვის გემახსოვრება, რომ გალიის კარი ღია იყო, მაგრამ თავს დააჯერებ, რომ ეს არ იცოდი, რადგან ისე ვერ გაბედავ, ამ კარის გაღებას, როგორც იმ ნაბიჯის გადადგმას, ვერ ბედავ დღეს, რომელიც გინდა, მაგრამ გაშინებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი