სიურეალიზმი


სიურეალიზმი ხავსივით მოედო ცხოვრებას, თითქოს ერთ ჯადოსნურ ღამეს გაცოცხლდა ყველა იდეა. ვიგრძენი, რომ მთვარის ნაცვლად კოშმარულ ღამეს ანათებდა თეთრი სხეული. თავის მოტყუება ყველაზე დიდი საჩუქარია, თუ კი ამის გაკეთება ოსტატურად შეგიძლია, ამ დროს ყველაფერს ივიწყებ, ცდილობ ახალი რეალობა შექმნა, სადაც წარსულის ფრაგმენტები ეკლებივით არ გისერავს ხელებს. გინდა, რომ ხვალინდელი დილა წინაზე ხალისიანად გათენდეს, მაგრამ ბევრი კომპრომისი გედება ფეხებში, თითქოს პრინციპები იქცევა ბარიკადებად, ეს სიურეალიზმია, სადაც ყველაფერს იღებ ისე, თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ძილს ვერ ვახერხებდი, რადგან სხვა ადამიანის სუნთქვა ჩამესმოდა ისე, თითქოს ჩემი საკუთრება იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი დროებითი გაელვების სახით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. დღეს სხვა ადამიანებს ესმით მათი მშვიდი და გახშირებული სუნთქვაც. ნაქირავებ გრძნობას ჰგავს დროებითი სიამოვნებები, როდესაც გამოცდილი გაქვს უსასრულო სიყვარული. ზოგჯერ დგება მომენტი როდესაც ცდილობ, მაგრამ არაფერი გავიწყდება, შემთხვევით წაშლილი შეტყობინებებიც, ზეპირად გახსოვს და ხვდები, უძლური ხარ, იმ ადამიანის წინაშე, რომელიც შენს გარეშე, უკეთ გრძნობს თავს. ხანდახან მეცინება, როდესაც ვხვდები, თავად შევქმენი, ის ადამიანები, რომლებმაც ჩემზე უარი თქვეს, ეს სიურეალიზმია, ჩემი პირქუში ქვეცნობიერი. რაღაც მომენტებში იმდენად გბეზრდება ცხოვრება, ამ თამაშში შეწყვეტის ღილაკი, რომ არსებობდეს, ვფიქრობ, ერთ დღეში განახევრდება კაცობრიობა, ყველა იღლება და თავის წილ პრობლემას ებრძვის, ბევრი შვებასაც პოულობს, ნიჭია, რუტინული ცხოვრებით ბედნიერი იყო. ჩემს დახურულ დღიურში იმდენი ვწერე მასზე, ხალხმა მწერალი მიწოდა, ეს სასაცილოა, მე, რომ ყველაფრის გამოქვეყნება შემეძლოს, ოთხჯერ დიდი მასალა იტრიალებდა, მაგრამ ვინ იცის, ზოგისთვის ისიც ზედმეტია რასაც ვაკეთებ. რამდენ ადამიანზე საუბარი ერთიანდება ერთ ჩანაწერში, მხოლოდ მე ვიცი, რას ვგრძნობდი, სად ვიყავი რეალური და სად არა, ვიცი რა მინდოდა და ვის თვალებშიც გავფუჭდი, ზუსტად მათი დამსახურებაა, რომ დღეს შეცდომებით სავსეა ჩემი არქივი, ხშირად, მას ვხედავ ძილის წინ, ესეც სიურეალიზმია. რადგან ყველაფერი ჩემი შექმნილია, ეს რეალობა დაკარგულია, რადგან მე მარტო ვდგავარ იქ, სადაც ერთად ვიდექით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი