კომპასი
უძილობის შედეგად გამოფიტული, ხმას ვუთიშავ იმედებს, როგორც მუსიკას, ცარიელ ოთახში სულ მარტო ვზივარ და ვფიქრობ. ქარი ეჯახება დარაბებს და ზოგჯერ ეს ხმა მაბრუნებს ამ სამყაროში. ალაგ-ალაგ ჩიტების ჭიკჭიკი მესმის, უცნაური შეგრძნებაა, როდესაც გარეთ ღამეა, ჩემს ქაოსურ ფიქრებს კი ჩიტების გაუგებარ ენაზე საუბარი აფორმებს. ალბათ მათი ენის გაგება უფრო მარტივია, ვიდრე ჩემი, რადგან ბევრჯერ ვცადე, მაგრამ, ჩემი ისევ არავის ესმის. ხშირად მარტოდ ვგრძნობ თავს, ცუდ მებაღეს ვგავარ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა ყვავილებმა არ გაიხარონ. ბევრს ვფიქრობ დანაშაულზე და მივხვდი, დანაშაულის შემდეგ აღარ მჭირდება სასჯელი, რადგან ჩემი სასჯელი - დანაშაულზე ფიქრია. ძველ დროში ფიქრი ჩემი მტერიც იყო და დამხმარეც, ალბათ აქამდე ვერ მოვიდოდი, ბევრი რომ არ მეფიქრა, არც იქამდე ჩავიდოდი სადამდეც ჩავედი, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო საშიში ხდება ვარდნა. ფსკერზე ყოფნა ზოგჯერ გაფიქრებინებს, რომ უფრო დაბლა ვერ მოხვდები, მაგრამ მე ვნახე სულის სიღრმე და ჯობს იქ არასდროს მოხვდე. ზოგჯერ მეცინება, როდესაც სჯერათ, რომ დიდი მიზნებისთვის დავიბადე, თითქოს ჩემი წარსულის სახით მესაუბრება ხალხი, მაგრამ ვატყობ, რომ ზედმეტად შევიცვალე, ალბათ, რაღაც დონეზე, საკუთარი თავის რწმენა დავკარგე და აღარ ვიცი, რასაც ვაკეთებ, რამდენად ღირებულია. პროფესიად, რომ ადამიანობა ავირჩიე, ალბათ მანდ შევცდი, კითხვის ნიშნები, ანგელოზებივით დამყვებიან. ამ ღამეებს აცეტონის სუნი აქვს, რადგან სხეულით ვგრძნობ, როგორ იშლება მოგონებები არქივიდან. რამოდენიმე წელია ვცდილობ, გამოვასწორო ყველა ჩემი ცუდი თვისება. ვასწორებ ძველს და ახალს ვიძენ, ხანდახან ვფიქრობ, ჯობდა ძველებთან არ გამეჩაღებინა ბრძოლა, რადგან ახლები უფრო მუქია, ვიდრე თბილისი. მე არ გამოვდგები მენტორად, ამჩნევ, რომ კომპასის გამოყენება ვიცი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ გზებს შენზე კარგად ვიცნობ, უბრალოდ, ამ გზებზე, შენზე მეტჯერ დავიკარგე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი