კამუფლაჟი
ისეთი უძილო ღამე მესტუმრა, მთვარე მზის სხივებში დავახურდავე, წვრილი თვალებით შევეგებე ალიონს და ახალი ტექსტის წერას შევუდექი. ინსპირაციის ნაკლებობას განვიცდი, მას შემდეგ, რაც სიამოვნება ჯართში ჩავაბარე, საძებარი გახდა ის, რაც ადრე ამოუწარავი მეჩვენებოდა. დრო ზედმეტად აჩქარებულია, დილის ყვითელი კადრებიდან, საღამოს ლურჯ ფერებზე ისე გადადის კამერა, თითქოს თვალს ძველ ფილმს ვადევნებ, განცდა მაქვს, რომ ეს ხედი დიდი ხნის წინ მოვიბეზრე. პირქუშ რეალობას ვიცვამ და გარეთ ამინდის შესაფერისი სახით გავდივარ. მუქი ცა თბილისის თავზე ზედმეტად მოღრუბლულია, თითქოს წვიმას აპირებს, ვაკვირდები, რომ ბოლო დროს ხშირად წვიმს, ან მე ვფიქრობ ასე, ხასიათის შესაფერისად. ამ დროს გონება მხოლოდ ერთი მიმართულებით გარბის, იმდენად ჩქარა, რომ დევნის დროს ვამჩნევ ფილტვების პრობლემას, რადგან ნოსტალგიის შემორჩენილ ღერებს ვეღარ ვეწევი. მახსენდება, რამოდენიმე კადრი ერთდროულად, მოგონებები ყოველთვის ერთ ადამიანთან ილინკება, თითქოს სხვა გვერდის გახსნა ბრაუზერში შეუძლებელი იყო. ზოგჯერ არ მსურს ამ კადრებზე ფიქრი, რადგან ხშირად უძილობის მიზეზი ხდება. ერთი და იგივე დროს, მაგრამ სხვადასხვა ადგილას, იდენტური აზრი, დარწმუნებული ვარ ხშირად მოგვდის, ამას არ ვეძახი დამთხვევას. ვთვლი, რომ ეს სინქრონი ქმნის უხილავ კავშირს, რომლის ხილული ძაფების გაწყვეტის შემდეგ, რადიო მაინც აგრძელებს მუშაობას. ვუსმენ ბგერებს ჩვენს სადგურში, შემდეგ ანგელოზები მინათებენ გზას, რომელსაც იდიოტური ღიმილით და ჯიბეში დიდი იმედგაცრუებით მივყვები. თვალებიდან მონატრება მომდის, მაგრამ წვიმა ახერხებს დაფაროს ტკივილი, თითქოს სევდა და ცრემლად ქცეული ამინდი, უბრალოდ კამუფლაჟია. ამ რეალობაში ხშირად იყრება შეცდომები, გაფუჭებული კადრები, ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი ყვავილები, სურათები, მაისურები, დაზიანებული სკამები და გამოყენებული ხელსახოცები ზედმეტად მძიმე განცდას ტოვებს, ეს ყველაფერი მიმოფანტულია კადრებად, მაგრამ მეეზოვე წმენდს ქუჩებში დაკარგული სიყვარულისგან შემორჩენილ ქაოსს. სრული სიჩუმეა, მხოლოდ მეეზოვის ცოცხის ხმა ისმის, ვხედავ თენდება და არცერთი ადამიანი არ ჩანს გარშემო, ყველას ძინავს, თითქოს მარტო ვარ იქ, სადაც ყველა ფიქრობს, რომ გვერდში დგომა სხვებზე კარგად შეუძლიათ, მაგრამ მაინც ცარიელი რჩება ჩანთა, რომელიც ზურგზე ისე მჩატედ მოვიკიდე, თითქოს სავსეა იმ ადამიანებით, რომლებმაც იციან რა არის ერთგულება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი