სიზმრის პრელუდია
გატეხილი სიზმრები შუშის პატარა ნატეხებივით შევაგროვე, ხშირად ტკივილი არ მეძინებს, მაგრამ ვხვდები, რომ თვალებზე ფარდის ჩამოფარებამდე, ფიქრის სამი საათი - სიზმრის პრელუდიაა. წარმოდგენები წამით მაინც ცოცხლდება შენს გონებაში, როდესაც ზედმეტად ბევრს ფიქრობ იმაზე, რაზე ფიქრიც არ ღირს, მაგრამ ვიცი, რომ სიტუაცია უმართავია. აღარ არსებობს არცერთი ბერკეტი, რითიც შეწყვეტ ბორგვას, უბრალოდ პროცესის მონაწილე ხარ, იმ პროცესის, რომელიც გეზიზღება, გინდა, რომ დამთავრდეს, მაგრამ ზედმეტად იწელება. სადაც ვერაფერს ცვლი, იაზრებ, რომ განიცდი ტკივილს, რომელსაც ვერ შველის პრეპარატები, სიამოვნებები, კომპლიმენტები, თითქოს არც არსებობს გზა, რითიც ამ მდგომარეობაში იგრძნობ თავს უკეთესად, სადღაც ბრაზი საკუთარ თავზე გაქვს, რადგან ამ სიტუაციაში აღმოჩნდი, სხვების პრობლემები სასაცილოდ გეჩვენება, სხვებს ალბათ შენი, ასე ხდება ხშირად, მხოლოდ ჩვენი გვტკივა, გულთან ახლოს არ გვინდა მივიტანოთ სხვებს რა აწუხებთ, ჩვენი სადარდებელი გვყოფნის. ბოლო დროს უფრო ცუდად სხვების გამო ვარ, ალბათ ჯობდა მეც ამ ადამიანებს დავმსგავსებოდი და არავისზე მედარდა, ვყოფილიყავი სიცარიელეში მარტო, იქნებ ადამიანებს ერწმუნათ კიდეც ჩემი. ჩვენ გვწამს სიცარიელეში მანათობელი სხივის, რადგან ყოველთვის გვჭირდება იმედი, მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა, ჯობს ისევ მოვიტყუოთ თავი, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება, ვინ იცის, ერთ მსგავს უღიმღამო დღეს დავხუჭავ თვალებს და სამუდამოდ შეწყდება ხმაური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი