იისფერი შუქი


ცხოვრება აღარ ჰგავს ფილმს, ხშირად უფრო სევდიან სიმღერებს მახსენებს, სადაც ვთვლი, რომ უნდა დააფასო ის, ვინც შენთვის ყველაზე მეტს იმღერებს. ჩემს ქუჩაზე, ისევ იისფერი შუქი ეცემა გზაჯვარედინს, მე კი არ ვიცი საით წავიდე, თითქოს მთვარე აღარ მინათებს გზას, ამიტომ დავიკარგე. სიცარიელე უკვე ბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ უფრო ცივი ვხდები. ყოველთვის მჯეროდა, მე სხვანაირად გავიზრდებოდი, როდესაც პატარა ხარ ყველაფერი მარტივია, რაღაც მომენტამდე გჯერა კიდეც, რომ ბევრ მაგალითს ნახავ და შენ იგივეს არ გაიმეორებ. ყველაფერი მართლა ასე ხდება, პირველ შეცდომამდე. დღეს ვიცი, არავინ ვარ და ამ სამყაროში მეც მტვერივით ვიფანტები, მაგრამ სულ ასე არ ყოფილა, დრო გადის და ყველაფერს თავის სახელებს არქმევს. ყოველთვის არსებობს, კარგი, ცუდი და ბოროტი, მაგრამ გვიან მიხვდები, ამ ტრილოგიას თუ დააკვირდები, კარგიც ვერ ახერხებს იყოს ყოველთვის კარგი, უბრალოდ ის სხვებზე უკეთესია. ზედმეტად არც უნდა გიხაროდეს, თუ ყველაზე უარესს აჯობე, მაგრამ შეგიძლია გამარჯვებად ჩათვალო, რადგან ცხრილში, შენზე წინ ბევრი ნაძირალაა. სია დაუსრულებელია, ხალხს კი ყოველთვის უყვარს ხელით მითითება, რომ ის ნარკომანია, ეს ყაჩაღია, ის მეძავია.. განკითხვა ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ, ისინი, ვინც თავს სხვებზე მაღლა აყენებენ, ხშირად ამ ადამიანებზე უარესები არიან, ამას კი ძალიან გვიან გაიგებენ. მთელ ჩვენს ცხოვრებას ტყუილში ვატარებთ, ქმედებები და საქციელები, რაც უკვე სისხლში გვაქვს გამჯდარი, ვეღარ გამოსწორდება, რადგან სიახლის მიღებაც გვაშინებს. თითქოს ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ გვწამდეს - არსებობენ ჩვენზე უარესებიც. ყველას გვიან უყვარს საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აზრი აღარ აქვს, ამ დროს ხდება ყველაზე მარტივი ადამიანის დაფასება. დანაკარგის შემდეგ ყველაფერი ნათელია, როგორც დილას, მაგრამ სიცარიელეში მყოფებმა იციან, რომ ყოველი ახალი დღე - ღამით იწყება. ვკარგავთ ძვირფას ადამიანებს, შემდეგ ტკივილი არ გვაძინებს, ნევროზი, ნოსტალგია, მოგონებები, მაგრამ ეს უკვე სხვა ტრილოგიაა. საბოლოოდ, ყოველთვის რაღაც გვინდა, რომ იყოს ჩვენი და სულ არასწორ მოლოდინს ვიქმნით, რადგან ჩვენ დღესაც გვაქვს ის, რასაც ვერ ვაფასებთ, მაგრამ ყველა გზა გამოჩნდება მაშინ, როდესაც საერთოდ აღარაფერი გვექნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი