ნოსტალგიის საქაღალდე
ზოგჯერ ვერაფერს ვამბობ, რადგან აღარ მჯერა, რომ საუბარს ისევ აქვს აზრი. ალბათ ცხოვრებას გავატარებთ ყველა დეტალის ძებნაში და საბოლოოდ ისიც არ გვეცოდინება, აიწყო თუ არა პაზლი. დეტალებით სიამოვნების მიღება მახსენებს იმ წლებს, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი მერქვა. რაღაც მომენტამდე, არ მიჭირდა თავი კარგად მეგრძნო, იმ ყველაფრით რაც დღეს მობეზრებული მაქვს. ადამიანები რთული არსებები ვართ, ვეღარ ვაბამთ ემოციურ ძაფებს ახალ ადამიანებთან, ფილმებთან, სიმღერებთან, მაგრამ რკინის ტროსივით არის ყველა ის ძაფი, რომელიც ნოსტალგიის საღაქაღალდეში გვაქვს დამახსოვრებული. წვიმის წვეთები, ქარი და სიბნელე, დეჟა ვუ-ს, რომ განიჭებს ისეთი ნაცნობი ანტურაჟია, მაგრამ დღეს მარტო ვხვდები მტვერს, რომელიც სახეში მეჯახება. ხუმრობებსაც აზრი აქვს დაკარგული და ეს არ არის დეპრესია, ზოგჯერ არ მსურს დავიჯერო, რომ ეს არის ცხოვრება. მე მახსოვს გაბრწყინებული თვალები და მძიმე გულის ფეთქვა, ამიტომ ვთვლი, რომ ბოლო ყლუპივით, არ უნდა ჩამყლაპოს მოგონებებმა. ჩვენ გვიყვარს ის ადამიანები, ვისთვისაც ფასი დავკარგეთ, თითქოს დიდი ასოებით დაგვწერეს, მაგრამ ისე შეიცვალა დრო, ყველა ფანქარს აქვს საშლელი. კვალი ყოველთვის რჩება ფურცელზე, მაგრამ წაშლილი სახელების ხილვა, მხოლოდ იმედგაცრუებას აღვიძებს შენში. ჯობს არასდროს იფიქრო: რა იქნებოდა? რადგან, მალევე მიხვდები, ამ ყველაფერზე, რომ არ გეფიქრა, საჭირო იყო მხოლოდ ერთი წინადადება, რომელიც შენ, ისე არ გაგიგია, როგორც მალჰოლენდ დრაივი. ბევრი ინფორმაცია გემატება, ამიტომ ვეღარ ხვდები, რა გაიაზრე შენით და რა გაიგე სხვებისგან. ვერ იაზრებ, რამდენად გზრდის შენი გარემოცვა. მე მჯერა, რომ ერთ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს, იმაზე დიდი წვლილი ჩამოყალიბებაში, ვიდრე შენს ოჯახს. ყველაფერს ვერ დაიწყებ ნულიდან, ვერ შეცვლი იმ ადამიანებს, ვინც შენს აღზრდაში ჩადეს სრული რესურსი, ან საერთოდ მიგატოვეს, მაგრამ გაქვს იმის ფუფუნება, აირჩიო ახალი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სიბნელე აქციონ სინათლედ, იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს. თუ კი ხმის გაგონება შენს სიცოცხლეს იხსნის, გარშემო კი დუმილი სუფევს, ეს ნიშნავს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, შენ უბრალოდ გჯერა, რომ არჩევნის უფლება ყოველთვის გქონდა, რადგან არ იცოდი: არადანი იყავი მაშინაც, როდესაც ფიქრობდი, რომ ამ სამყაროში ყველაფერს პირველი შენ წყვეტდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი