გაფუჭებული რადიო


თვალებს ხუჭავ, ვხედავ საფრენად ემზადები. გონებაში არასდროს წყდება ხმაური, მოგონებები ყოველთვის ხმამაღალზე ირთვება, როდესაც ქაოსის დაწყნარებით ხარ დაკავებული. ხვდები, რომ ხელოვნურად შექმნილი აქტივობები ახშობს იმ ფიქრებს, რომლებიც რეალურად არასდროს გტოვებენ. ზოგჯერ დროებით ხმა ეთიშებათ, მაგრამ, როგორც კი იღლები, ტემპი ნელდება, შენ კი ძალა გეკარგება, ზუსტად ამ დროს ირთვება ის, რაც გეზიზღება, ის რაც არ გაძლევს ძილის საშუალებას, ის რაც სიმშვიდეს გაკარგვინებს.
რამდენჯერ გიფიქრია გაქცევაზე? ყოველდღე გადიხარ სახლიდან იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლება. გაფუჭებული რადიოსავით მიწევს იგივე გავიმეორო, რადგან წინაზე ნათქვამი უკვე დავიწყებულია, ან ვერ გაგებული. სიტყვები რჩება სიტყვებად, რადგან ვერ ხედავენ მაგიას ტექსტებში. არ იციან, რომ ყველა არტისტი ჯადოქარია. უნდა დაანგრიო კედლები, თუ გსურს მიწვდე ცას, სხვა შემთხვევაში იქცევი ჭაობისფერ მწერად, რომელსაც ფრენაც არ შეუძლია.
ადამიანები იცვლებიან, კარგავენ საკუთარ სახეს, რადგან სურთ, სხვების თვალში გახდნენ ის, რაც სინამდვილეში არ არიან. რეალობა სავსეა ყალბი პერსონაჟებით, ამიტომ ეს ფირი მალე წაიშლება. ვიცი, რა გგონია საუკეთესო გამოსავალი, ფიქრობ, ყველაფერს თავიდან დაიწყებ, მაგრამ ის, რაც არ გამოვიდა, ყოველთვის მძიმედ ილექება შენში. ამიტომ შეცდომები იყრება ახალ კადრებშიც. დასვრილია ახალი გვერდები, რადგან დღიურიდან ამოხეულ ფურცლებზე დღესაც გახსოვს რა ეწერა, დღეს კი მარტივად კარგავ სიმშვიდეს, თვალებს ხუჭავ და ვხედავ, ფრენისთვის ემზადები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი