ფოთოლცვენა
გაშეშებული ვუყურებ ვარდისფერ სხივებს, ძალა მაქვს გამოცლილი, ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს ვგრძნობ სისუსტეს, თითქოს სხეული მძიმე ბარგივით დამაქვს, ვიფიტები. შინაგანი სიცარიელე ჰგავს ყვავილების უეცარ სიკვდილს, თითქოს ჩიტები წყვეტენ ჭიკჭიკს და ცაშიც არ არის იდილია, დღეთა ჭიდილში, სადაც არსებობა გაწუხებს, ცხოვრება ცუდ სიზმარს ემსგავსება. გონებაში სხვადასხვა მელოდიები ირევიან, მაგრამ აზრები არ ლაგდება ისე, როგორც ადრე, სიცარიელე იპყრობს გონებას, თითქოს ბრუნვას წყვეტენ კრეატივით მოჯადოვებული ფირფიტები. ეტაპებად გეჯახება ერთფეროვნების ტალღა, თავიდან საშუალებას არ აძლევ ჩაგყლაპოს, სხვადასხვა ჰობებს ანტიბიოტიკებივით იღებ, მაგრამ საბოლოდ ხვდები, რომ თავს იტყუებ, ყველაფერი დროებით გახარებს, მაგრამ ფიქრობ, რომ სამუდამოდ გენატრება. სრულიად ფხიზელსაც კი ნაბიჯი გერევა, იმატებს ტენიანობა და გრძნობ სანთელივით იღვენთები, რადგან ფეხქვეშ მარყუჟივით მეორდება ერთი და იგივე ბილიკები. სიხარული იკლებს, ვეღარ ხვდები როგორ გადის დრო, უცნაურად ვითარდება სიუჟეტი, ზოგჯერ კადრები იმდენად ჰგავს სიზმარს, ხვდები, რომ აბსურდული კადრის გადაღებაზე ითან კოენი გევაჭრება. კარგ მოგონებებს ამახინჯებს აწმყო, ბედნიერი წამები იქცევა წამება'დ, როდესაც ხვდები, რომ დაკარგული მომენტების დევნად იქცევა ფიქრი, მაშინ იწყებენ ფოთოლცვენას შენში სიყვარულად წოდებული ტირიფები. გზას ვაგრძელებ, გონება იღრუბლება, მინდა მალე მივიდე დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ისიც არ ვიცი, რამდენ დრო მრჩება, ვიცი, რომ ისევ იწვიმებს, რადგან შორიდან შენს თვალებში ვხედავ სევდას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი