კროსვორდი
მელოდებიან, მე კი არაფერი ვიცი, შორიდან მხედავენ, შორიდან მიცნობენ, მე კი არაფერი ვიცი, ამის შესახებ. ზოგჯერ ვიგებ ისეთ სიტყვებს, რასაც ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოვყავარ, ზოგჯერ კი ჩემს ოთახში, ხალიჩის მაგივრად ღრუბლები ეფინება. ძვირად ფასობს ნება, რომელიც ღირებულებებივით დაიკარგა, ალბათ ამიტომ ვერ ვპოულობთ საერთო ენას, როგორც ბაბილონის გოდოლში. სოდომის ფერია თბილისი, მაშინ, როდესაც სიყვარული ვნებაზე ხურდავდება. სხეულის გამყიდველების ბირჟაზე, ისევ დაბალი ფასებია და შენ სულ აჯერებ თავს, რომ მათ არაფრით ჰგავხარ, მაგრამ ყოველი ვალუტის გადაცვლის დროს, მაინც ფიქრობ, სხვა ადამიანს უყურებ, თუ სარკეში იხედები? ზოგჯერ მთხოვენ, უფრო გასაგები ვიყო, მაგრამ ასე, არ იქნებოდა საინტერესო, ამიტომ ჯობს ისევ ჩაალაგოთ ბარგი და აღმოჩნდეთ ჩემგან ძალიან შორს, რადგან ჩემთან ყოფნა სახიფათოა. იქნებ მორიგი კროსვორდის ამოხსნა ვერ შეძლოთ, განა იმიტომ, რომ თქვენ ვერ გაიგეთ, არა, ბევრად მარტივია იფიქროთ, რომ კითხვა იყო გაუგებარი. ზოგჯერ მართლა სტივივით ჯობს, ყველაფერი დარჩეს მოკბეჩილი, თუ კი მთლიანობა დაირღვა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პლანეტაზე მხოლოდ ორი ადამიანი არსებობდა. მილიარდებში ბევრად რთულია იპოვო ბალანსი, ამიტომ ზოგჯერ ბანკროტიც გამოსავალს ჰგავს, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მაგრამ ჩემი მეზობლისთვის გამოსავალი ბაწარი აღმოჩნდა. პირველი სიყვარულივით რთულია დაივიწყო მსგავსი გამოცდილება, როდესაც ამ სცენის შემყურე, დამფრთხალი ჩიტებიც პირამიდებივით დუმდებიან. დრო გადის, თვალებში ცრემლი გეყინება, მეხსიერება წარუშლელი ფაქტებით არის სავსე, მთვარე კი ჩამქვრალია, როგორც ნაპერწკალი ჩემს თვალებში. მართლა არ მსურს საუბარი, იცი, მართლა დუმილს ვირჩევ, კი არ მეხალისება, ბუკოვსკივით დაგროვილი მაკულატურა, უბრალოდ შინაგანი ნალექი, დრო და დრო მელნით იფერება. იქნებ უკეთესად გამიცნო და მიხვდე, რასაც სხვები ვერ ხვდებიან. ზოგჯერ ფურცლებში, ჩემი გაქრობის მიზეზებია, მაგრამ კოდებს მაჰოუნივით ყველა ვერ შიფრავს. ადრე მსურდა ჩემი სიტყვები ადრესატს გაეგო, ამიტომ ვცდილობდი მათი კარის გასაღები ვყოფილიყავი, მაგრამ როდესაც შეტყობინება მიმართულებას კარგავს, უკონტროლო ხდება, როგორც ქარი. გულით ვცადე ვყოფილიყავი ვინმე, შეიძლება ზუსტად ამიტომ, გავხდი არავინ. დღეს მე არ მადარდებს თქვენი გრძნობები, არც თქვენი ცხოვრება, ამიტომ ვერ გისმენთ, როგორც პოპს, რადგან ჩემთვის პოპი 2009 წელს დაიღუპა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი