ნოკდაუნი
თითქოს ყველა ქმედება ვალდებულების მოხდის მიზნით ხდება, ან უბრალოდ შენ გეჩვენება ასე, რადგან ტკივილი ვერ ჩაქვრა, როგორც ცეცხლი ჭიაკოკონობას. შორიდან უყურებ, როგორ გიზგიზებს ვნება, რომლისგანაც დროის გასვლის შემდეგ, უფრო შორს იჭერ თავს, არ გინდა დაგწვას ალმა, რომლის გემოც, უკვე კარგად იცი, ისე კარგად, როგორც მობეზრებული საჭმლის ან მობეზრებული ხალხის გემო. რომელთა არომატიც, ისე ჰგავს ერთმანეთს როგორც ყოველი ახალი დღე, სადაც ხვდები, რომ სიტყვა - "ახალი", მხოლოდ ჰიპერბოლაა. დიდი ხანია, რაც ცხოვრება რბოლის მაგივრად, ერთ ადგილას დგომას ჰგავს, მაშინაც კი, როდესაც უსეინ ბოლტივით ცდილობ გაექცე ყველა პრობლემას. ბასრ იარაღს ჰგავს ცხოვრება, ამიტომ ყველა ნაბიჯზე იჭრები, როგორც ცუდად დარტყმული ბურთი, რადგან არ გაქვს, არც იმხელა პროფესიონალიზმი, არც ისეთი იღბალი, რომ შენი მოჭრილი ბურთი, პირდაპირ აუღებელ დარტყმად იქცეს. ამის მაგივრად შენ იღებ მძიმე დარტყმას სახეში და ხვდები, ახლოს არის ნოკდაუნი. ბარბაცებ, თვალებში მხედველობა იკლებს, განათებული სივრცე, ნელ-ნელა ხდება შავბნელი ჩიხი, რომელსაც აღარ ახსოვს, ბოლოს როდის იგრძნო განათება. ნათებას დასდევ, როგორც სტენლი კუბრიკი, გინდა ყველაფერი პედანტური სიზუსტით თავის ადგილას დააბრუნო, მაგრამ არეული ოთახივით, უხილავი ქაოსი იპყრობს გონებას, წყდება ციმციმი და ეშვები დაბლა, ხვდები, რომ ეცემი, ისე, თითქოს ეს ბოლო დაცემაა, მაგრამ დაცემასაც დეჟა ვუ-ს სუნი ასდის, სურნელი რომელიც გეზიზღება, მაგრამ თანდათან ეჩვევი, რადგან ის, რაც დასასრული გეგონა, აღმოჩნდა დასასრულის დასაწყისი. შენ ისევ გამოფხიზლდები, ისევ ნახავ მზის შუქს, მაგრამ აღარაფერი იქნება, ისეთი, როგორიც დატოვე. ეს ყველაფერი კი, ომიდან უეცარ დაბრუნებას ემსგავსება. ნელ-ნელა ხვდები, რომ სიხარული და შიში ერთმანეთში ირევა, რადგან შენ ისევ ცოცხლობ, მაგრამ მხოლოდ ერთი ფიქრი გიტრიალებს თავში. ფიქრი, რომელიც ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს. რა ფასი აქვს სიცოცხლეს, თუ კი, არა მარტო ხალხისთვის, საკუთარი თავისთვისაც გარდაცვლილი რჩები? . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი